![]() |
|||
ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, ისინი 8 მაისიდან საქართველოს მასშტაბით ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვას იწყებენ, რათა აიძულონ პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგეს. გუბაზ სანიკიძემ ეროვნული ფორუმიდან ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე გაახმოვანა. მისი თქმით, 8 მაისს, როდესაც დაიწყება სხვადასხვა ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვა რეგიონებში, ოპოზიცია 72-საათიან ულტიმატუმს წაუყენებს პრეზიდენტ სააკაშვილს. მან ასევე აღნიშნა, რომ ცენტრალური მაგისტრალების ბლოკირება საქართველოს მასშტაბით სააკაშვილის გადადგომამდე გაგრძელდება. იმავდროულად, 5 მაისს ოპოზიცია სამ ადგილას გეგმავს ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვას ერთი საათით: დასავლეთ საქართველოდან თბილისში შემოსასვლელი; აღმოსავლეთ საქართველოდან დედაქალაქში შემოსასვლელი და თბილისის რუსთავთან და ქვემო ქართლთან დამაკავშირებელ გზაგასაყარ მოედანთან. გუბაზ სანიკიძის თქმით, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე მოხდება ამ ადგილებში ავტოტრანსპორტის ბლოკირება.
|
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025