თავდაცვის სამინისტროს თქმით, სამხედრო ნაწილში ამბოხია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 May.'09 / 12:48

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ მუხროვანში განთავსებულმა სატანკო ბატალიონმა სამშაბათს დილით ამბოხება მოაწყო.

”იქ იმყოფებიან ასევე სხვადასხვა პირები, რომლებიც ამ ბატალიონში არ არიან,” - განუცხადა სიხარულიძემ ”რუსთავი 2”-ს სატელეფონო საუბრისას.

მისი თქმით, ამ დროისათვის ამბოხებულებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს თავდაცვის სამინისტროსა და სამართალდამცავების წარმომადგენელთა ოპერატიული შტაბი და ”მათ აქვთ წინადადება, რომ შეწყვიტონ ეს ამბოხი”.

”სამწუხაროდ, ამ მოლაპარაკებების დროს კონკრეტული მოთხოვნა მათ არ წამოუყენებიათ,”- განაცხადა მან. 

მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან ჩაშალა ”სრულმასშტაბიანი” სამხედრო ამბოხების გეგმა, რომელიც ”კოორდინირებული იყო რუსეთთან” და რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ.

”როგორც ჩანს, ეს გეგმა იყო კოორდინირებული რუსეთთან და მიზნად ისახავდა, როგორც მინიმუმ, ნატოს სამხედრო წვრთნების ჩაშლას და როგორც მაქსიმუმ, შესაძლოა ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხის მოწყობას,” - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა 5 მაისს.

მისი თქმით, ამ საქმეში ოფიციალურად ფიგურირებს 90-იან წლებში თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური გია ღვალაძე; ამბოხის ”ორგანიზატორი” კობა ოთანაძე, რომელიც უტიაშვილის განცხადებით, მუხროვანის ცნობილ ბუნტში მონაწილეობდა; და ასევე ეჭვმიტანილია ზაზა მუშკუდიანი - ”ორთაჭალაში განლაგებული სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსი”.

”ღვალაძე დაკავებულია, ოთანაძე ძებნაშია,”- განაცხადა უტიაშვილმა, ”ამ წუთებში მუხროვანის სამხედრო ნაწილში არის ყაზარმული მდგომარეობა, იქ იმყოფებიან თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა”.

უტიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქმეში ეს სამი ადამიანი ფიგურირებს, თუმცა ”დარწმუნებული ვართ, რომ იქნებიან კიდევ სხვებიც”.

შსს-მ ამ საქმის შესახებ ფარული ვიდეო-ჩანაწერები გაავრცელა. ფარულს ჩანაწერში, სადაც უტიაშვილის თქმით, ღვალაძე ფიგურირებს, ეს პიროვნება ახსენებს ექვსი გენერლის გვარს: ”კობა კობალაძე, ყარყარაშვილი, ფირცხალაიშვილი, თევზაძე, უჩაძე... და გია წკრიალაშვილი”.

უტიაშვილის თქმით, შსს-ის გააჩნია ოპერატიული ინფორმაცია, ”სადაც საუბარია იმაზე, რომ ამბოხებულთა ერთ ნაწილს ჰქონდა პირდაპირი კავშირი რუსეთთან, იღებდა მათგან დავალებებს, იღებდა მათგან ფულს”.

უტიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსული ფლოტი მომდგარია საქართველოს საზღვაო საზღვრებთან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ ასევე განაცხადა, რომ  ნატოს წვრთნების ჩაშლის გარდა, რომელიც 6 მაისს იწყება, ამბოხება ასევე ისახავდა მიზნად ხელისუფლების ჩამოგდებას.

მუხროვანისკენ მიმავალი გზა პოლიციას აქვს გარშემორტყმული.

 

Civil.Ge © 2001-2024