ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი კობა კობალაძე დააკავეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 May.'09 / 14:41

ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი კობა კობალაძე დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს, სავარაუდოდ,  დაგეგმილ ”სამხედრო ამბოხთან” კავშირის გამო.

კობალაძის დაკავების კადრები ქართულმა ტელეკომპანიებმა გაუშვეს.

გენერალ-მაიორი კობალაძე ეროვნული გვარდიის სარდალი იყო და თანამდებობიდან 2004 წლის თებერვალში გადადგა. 

მისი გვარი ფიგურირებს იმ ექვს გენერალს შორის, რომელთა გვარებიც ნახსენებია შსს-ის მიერ დღეს გავრცელებულ ფარულ ვიდეო-ჩანაწერში. ამ ჩანაწერში, შსს-ის თქმით, საუბრობს სამხედრო ამბოხის მოწყობის ბრალდებით 4 მაისს დაკავებული გია ღვალაძე, 90-იან წლებში თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური, რომელიც ახსენებს ექვსი გენერლის გვარს: ”კობა კობალაძე, ყარყარაშვილი, ფირცხალაიშვილი, თევზაძე, უჩაძე... და გია წკრიალაშვილი”, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, მისი თქმით, áƒ›áƒªáƒ®áƒ”თაში იყვნენ შეკრებილები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან ჩაშალა ”სრულმასშტაბიანი” სამხედრო ამბოხების გეგმა, რომელიც ”კოორდინირებული იყო რუსეთთან” და რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ ტელეკომპანია ”იმედთან” სატელეფონო ინტერვიუში უარყო რაიმე კავშირი შესაძლო ამბოხთან. 

”ეს აბსურდია,”-თქვა მან სიცილით, ”არც შეხვედრებში მიმიღია მონაწილეობა და არც მაგ მასალის მჯერა”. 

”კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებ. ავადმყოფების გონებაში ხდება რაღაც მითების შექმნა და მეცოდება ეს ქვეყანა,”- განუცხადა ”იმედს” თავდაცვის ასევე ყოფილმა მინისტრმა გია ყარყარაშვილმა.

 

Civil.Ge © 2001-2024