სააკაშვილი: ამბოხებულებს მიცემული აქვთ დრო, რომ ჩაბარდნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 May.'09 / 15:06

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 5 მაისს ტელევიზიით პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ მუხროვანში ამბოხებულებს მიცემული აქვთ დანებებაზე კონკრეტული ვადა.

”განიარაღდნენ და ეს იქნება მხედველობაში მიღებული, როგორც შემამსუბუქებელი გარემოება,”- განაცხადა მან.

მან არ დააკონკრეტა, თუ როდის იწურება ეს ვადა, მაგრამ განაცხადა, რომ უბრძანა სამართალდამცავ სტრუქტურებს იმოქმედონ შესაბამისად.

“ქართული დემოკრატიის, საქართველოს თავისუფლების, საქართველოს მთლიანობის დასაცავად ქართული სახელმწიფო და ყველა შესაბამისი ორგანო არიან მზად მიიღონ ყველაზე გადამჭრელი, ყველაზე გადამჭრელი ზომები, რათა აღიკვეთოს კონსტიტუციული წესრიგის, ჩვენი დემოკრატიის და თავისუფლების შერყევის და ძირგამოთხრის ნებისმიერი მცირე, თუ დიდი მცდელობა,” - განაცხადა სააკაშვილმა.

”მე ვთხოვ ჩვენ მოქალაქეებს იყვნენ მშვიდად, მე ვთხოვ მათ შეხვდნენ გაგებით იმ მოქმედებებს, რომელსაც განახორციელებდა საქართველოს სახელმწიფო ამ სიტუაციაში და რომელსაც განახორციელედებდა ყველა პასუხისმგებელი ქართველი მმართველი ჩვენი ისტორიის განმავლობაში,” - განაცხადა მან. ”ჩვენ მოვიქცევით სრული პასუხისმგებლობით და პირადად მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის ისტორიის, თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოების და თავისუფლების და ჩვენი დემოკრატიული სისტემის წინაშე”.

”ჩვენ ეს [ამბოხება] მიგვაჩნია სერიოზულ საფრთხედ და სერიოზულ გამოწვევად,” - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მუხროვანის ამბოხი იზოლირებული შემთხვევაა და სხვა სამხედრო ნაწილებს ”ეს არ გადადებია”. მისი თქმით, მთლიანობაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მან ასევე განაცხადა, რომ არეულობის ორგანიზატორებს კავშირი აქვთ რუსეთთან.

”ყოფილი გვარდიელების და ყოფილი სამხედროების ერთმა ჯგუფმა, რომელთა კავშირი კონკრეტულად ერთი ქვეყნის სპეცაგენტურასთან დიდი ხანია არის ცნობილი, სცადა მუხროვანის სამხედრო ნაწილში არეულობების ორგანიზება,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ”არეულობები” სამხედრო ნაწილში დაემთხვა საქართველოში დაგეგმილ ნატოს სამხედრო წვრთნებს, რომელიც 6 მაისს იწყება და ასევე საქართველოს მიერთებას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამასთან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ძალების რაოდენობა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში. მისი თქმით, რუსეთს საქართველოს შიდა მოვლენებზე სურს ყურადღების გამახვილება და აღნიშმა, რომ რუსეთი იმედოვნებდა, რომ საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზრდებოდა. ”მაგრამ ხელისუფლება უკიდურეს თავშეკავებას იჩენდა,” - განაცხადა მან და მადლობა გადაუხადა ყველა პასუხიმსგებელ პოლიტიკურ ძალას. 

 

Civil.Ge © 2001-2024