სააკაშვილის მიმართვის სრული ტექსტი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 May.'09 / 16:08

5 მაისი, 2008 წელი

”მე მინდა მოგმართოთ მუხროვანის ნაწილში გარკვეული არეულობის მცდელობებთან დაკავშირებით.

როგორც იცით უახლოეს დღეებში საქართველოში იგეგმება ნატოს სწავლებები, იგეგმება 6, 7, 8-ში პრაღაში ევროკავშირის სამიტი, რომლის ფარგლებში საქართველოს აფორმებს ევროკავშირთან აღმოსავლური პარტნიორობის ხელშეკრულებას.

პირველი მოვლენა არის მნიშვნელოვანი სიმბოლური მოვლენა იმიტომ, რომ პირველად რუსეთის აგრესიის შემდეგ ნატო აკეთებდა, დგამდა ამ ნაბიჯს უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე და მეორე მოვლენას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური, მე ვიტყოდი, ისტორიული მნიშვნელობა იმიტომ, რომ საქართველო პირველად ამყარებს ინსტიტუციურ კავშირს ევროკავშირთან, ჩვენ ბუნებრივ პარტნიორთან და ჩვენ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მომავლის არსებობის არეალთან.

აი ამ სიტუაციაში, როგორც ალბათ თქვენ ადევნებდით თვალს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, უამრავი რიტორიკული მუქარა და კონკრეტული პროვოკაციები განხორციელდა ჩვენი ქვეყნის მიმართ.

თქვენ იცით, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში რუსეთმა გაასამმაგა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი სამხედრო ძალის რაოდენობა და განალაგა, პრაქტიკულად მთელი შავი ზღვის ფლოტი, პრაქტიკულად, საქართველოს საზღვაო აკვატორიაში.

ეს, რა თქმა უნდა, იყო უკიდურესად პროვოკაციული და საშიში ნაბიჯი. გათვლა ამ ნაბიჯის იყო იმაში, რომ საქართველოს დედაქალაქის შუაგულში მოხდებოდა მასობრივი არეულობები ან რაიმე სახის ძალადობა განხორციელდებოდა და შემდეგ განვითარდებოდა სცენარები საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ,  ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და ბუნებრივია, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ.

მაგრამ თქვენ, კარგად ნახეთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, როგორი თავშეკავება გამოიჩინა საქართველოს მთავრობამ. როგორი უკიდურესი სირბილით და მაქსიმალური გახსნილი იყო დიალოგისთვის იყო ჩვენი რეაქცია, მათ შორის იმისათვის, რომ არ მიგვეცა საბაბი საქართველოს მტრისთვის.

ჩვენ მოვიქეცით ისე, როგორ ევროპის  უმეტესი ქვეყნები არ მოიქცეოდა და არც მოითმენდნენ ამას. მაგრამ ჩვენ ვიყავით კონკრეტულ სიტუაციაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყოველთვის ყველა სიტუაციიდან გამოსავალი არის  დიალოგი და ჩვენ არ დავუშვით რაიმე სახის პროვოკაციები თბილისში და საქართველოს სხვა ადგილებში.

და მე მინდა ამისათვის ყველა პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას ვუთხრა მადლობა და კიდევ ერთხელ დავადასტურო თანამშრომლობისთვის ჩვენი მზადყოფნა.

მეორეს მხრივ, თქვენ ასევე ნახეთ ისტერიული მუქარები, რომელიც გაისმოდა ჩვენი ტერიტორიის ოკუპანტი ძალის,  რუსეთის პოლიტიკოსების მხრიდან, მათი სამხედროების მხრიდან, მათი უმაღლესი ხელმძღვანელების მხრიდან.

ისინი ამბობდნენ, რომ არ დაუშვებდნენ ნატოს სწავლებებს საქართველოში, რომ მათ გააჩნდათ ამისთვის საკმარისი ბერკეტები, მათ გაზარდეს თავისი კონტიგენტის რაოდენობა ბოლო დღეებში, განალაგეს ე.წ. მესაზღვრეები ყველა საერთაშორისო ნორმის უხეშად ფეხქვეშ გათელით საქართველოს ტერიტორიაზე და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სიტუაცია დაეძაბათ.

აი ამ სიტუაციაში და ამ მდგომარეობაში, ყოფილი გვარდიელების და ყოფილი სამხედროების ერთმა ჯგუფმა, რომელთა კავშირი სხვადასხვა, კონკრეტულად ერთი ქვეყნის სპეცაგენტურასთან ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია, სცადა და ცდილობს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, მუხროვანის სამხედრო ნაწილში არეულობების ორგანიზებას.

ახლა სამხედრო ნაწილში არეულობა, ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყოველგვარი არეულობა, იქ, სადაც არის იარაღიანი ხალხი, არის ხელის აღმართვა საქართველოს დემოკრატიულ სისტემაზე, თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებაზე, საქართველოს კონსტიტუციაზე, იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციით ყველა სამხედრო ნაწილი ექვემდებარება კანონიერად არჩეულ სამოქალაქო ხელისუფლებას და ყველანაირი მცირე არეულობის და ყველანაირი ექსცესების შექმნაც კი არის ძალიან უხეში გამოწვევა საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის, საქართველოს სტაბილურობისთვის, ემუქრება თითოეული ჩვენი მოქალაქის მომავალს.

ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას განვიხილავთ სერიოზულ აქტად, სერიოზულ საფრთხედ, ჩვენ ამას განვიხილავთ სერიოზულ გამოწვევად.

ამავე დროს, მინდა გიხრათ, რომ ეს არის იზოლირებული ინციდენტი იმიტომ, რომ არცერთ სხვა ყველა სამხედრო ნაწილს ეს, რა თქმა უნდა, არ გადადებია.

ამჟამად გამოცხადებულია განგაში სხვა სამხედრო ნაწილებში და სიტუაცია არის ჩვეულებრივად როგორც იყო, ექვემდებარება კონტროლს და მთლიანად ქვეყანაში არის წესრიგი, სიწყნარე და ზოგადად, ამას ამ ეტაპზე არაფერი არ ემუქრება.

მაგრამ მე მინდა ერთი რამე გვესმოდეს - ეს არეულობის ინსპირაცია არ არის არანაირად დაკავშირებული სოციალურ მოვლენებთან. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ ჯარს აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი ჩვენ ქვეყანაში. იცით, რომ ჩვენს ოფიცრებს აქვთ განსაკუთრებული დაფასება ქართული საზოგადოების.

ეს აღარ არის შევარდნაძის დროინდელი ფეხშიშველა, მშიერი, არა დისციპლინირებული ჯარი. და როგორც ჯარი აღარ არის იგივე, ისევე ვერავინ ვერ დააბრუნებს ქვეყანას არეულობაში და ქაოსში 90-იანი წლების.

ჩვენ ეს კარგად გავიარეთ, ჩვენ კარგად ვნახეთ რას ნიშნავს შეაიარაღებული ფორმირებები, გასამხედროებული ბანდიტები, რომლებიც დადიოდნენ თბილისში და სხვა ქალაქებში, უხეშად არღვევდნენ ყველა მოქალაქის უფლებას, ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ჩვენი ქვეყნის დოვლათს.

მათ პარპაშს და თარეშს საბოლოოდ ბოლო მოუღო სწორედ ვარდების რევოლუციამ. და ის ხალხი, ვინც ახლა ცდილობს არეულობის ორგანიზებას, ძირითადად არის ვარდები რევოლუციის შემდეგ ჯარიდან დათხოვნილი ხალხი, რომელთაც უნდათ ამ ყველაფრის უკან დატრიალება, უნდათ დაბრუნება 90-იან წლებში და საბოლოო ჯამში მოქმედებენ უცხო ძალასთან კოორდინაციით და მის დახმარებაზე სრული გათვლით.

მე მინდა ასევე, კატეგორიულად მივმართო და გავაფრთხილო რუსეთის ფედერაცია, ყოველგვარი მცდელობა სიტუაციის ესკალაციის და დაძაბვის საქართველოს შიგნით, კიდევ უფრო მეტი დაძაბვის ოკუპირებულ ზონებში  და ჩვენ გვაქვს, ინფორმაცია, რომ დამატებითი ფორმირებები არის იქ და შავი ზღვის ფლოტმა დაიწყო ახალი მოძრაობები - ეს ყველაფერი ატარებს ძალიან პროვოკაციულ ხასიათს და ძალიან დაჟინებით ვთხოვ და მოვითხოვ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებისგან თავი შეიკავოს მსგავსი მანევრებისგან, თავი შეიკავოს ყველა სახის პროვოკაციებისგან.

იმიტომ, რომ საქართველოში ეს პროვოკაციები არ გავა და ქართველი ხალხი ამას არ წამოეგება. ძალიან მარტივად უნდა იყოს ეს მათთვის გასაგები.

მე გავეცი განკარგულება პოლიციის და სამხედრო ძალების შესაბამისი მოქმედების, პოლიციის შენაერთები არიან მთლიანად მობილიზებულები.

ბუნტის და არეულობის მცდელობის ინიციატორები არიან მთლიანად იზოლირებულები. დილიდან ჩვენ, ჩემი დავალებით, ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს მათთან, იქ იყო სახმელეთო ჯარების სარდალი თელია რამდენჯერმე, იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ახალაია და ამჟამად იქ იმყოფება შს მინისტრი მერაბიშვილი.

მე ვესაუბრე თითონ ამ არეულობის ერთ-ერთ ორგანიზატორს და მე მას ვუთხარი: ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებას, რომ გამოვიდნენ, დანებდნენ სამართალდამცავ ორგანოებს, განიარაღდნენ და ეს იქნება მიღებული მხედველობაში, როგორც შემამსუბუქებელი გარემოება.

მაგრამ ილუზია ნურავის ნურაფრის ნუ ექნება. როცა მტერი დგას საქართველოს შიგნით, საქართველოს დედაქალაქიდან 40 კმ-ში, როცა ჩვენზე დამიზნებულია უამრავი რაოდენობის არტილერია, როცა შავი ზღვის ფლოტი დათარეშობს ჩვენს ნაპირებთან, როცა ყოველდღიურად ისმის მუქარა და პროვოკაციული განცხადებები, ჩვენ ვერ დავუშვებთ რაიმე სახის გრძელვადიან არეულობას საქართველოში იმიტომ, რომ ეს იქნება დემოკრატიის გულში ჩაცემული მახვილი. ეს იქნება ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ძალიან საშიში აქტი აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით. 

ამიტომ ჩვენ ამ გამოწვევას ვიღებთ ძალიან სერიოზულად და ჩემი დავალებით, მათ აქვთ მიცემული დრო, რომ ჩვეულებრივად სამართალდამცავ ორგანოებს ჩაბარდნენ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იქნება გათვალისწინებული, როგორც შემამსუბუქებელი გარემოება.

მე მინდა თითოეული ადამიანი ვინც იქ არის, ამაში თავის ნების წინააღმდეგ მონაწილეობს და ეს ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ ეს არ ამართლებს მათ იქ ყოფნას.

მაგრამ ქართული დემოკრატიის, საქართველოს თავისუფლების, საქართველოს მთლიანობის დასაცავად ქართული და ყველა შესაბამისი ორგანო არიან მზად მიიღონ ყველაზე გადამჭრელი, ყველაზე გადამწყვეტი ზომები, რათა აღიკვეთოს კონსტიტუციური წესრიგის, ჩვენი დემოკრატიის, ჩვენი შერყევის და ძირისგამოთხრის ნებისმიერი მცირე თუ დიდი მცდელობა.

საქართველო აღარ არის უკვე 5 წლის წინანდელ სიტუაციაში, ჩვენ ვართ სახელმწიფო, ვაპირებთ, რომ ვიმოქმედოთ როგორც სახელმწიფო და ვთხოვ ჩვენ მოქალაქეებს იყვნენ მშვიდად, შეხვდნენ გაგებით იმ მოქმედებებს, რომელსაც განახორციელებდა საქართველოს სახელმწიფო ამ სიტუაციაში და  რომელსაც განახორციელებდა ყველა პასუხიმგებელი მმართველი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. 

ჩვენი ისტორია სავსეა მაგალითებით ღალატის, მსგავსი არეულობებით, აჯანყებებით და სხვა გარე ძალებზე მუშაობის და ციხის შიგნიდან გატყდომის მცდელობის. ამჯერად, ციხეს შიგნიდან ვერავინ ვერ გატეხს. ჩვენ მოვიქცევით სრული პასუხისმგებლობით და პირადად მე როგორც პრეზიდენტი და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ქვეყნის ისტორიის, თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებისაც და თავისუფლების და ჩვენი დემოკრატიული სისტემის წინაშე.

დიდი მადლობა”

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Civil.Ge © 2001-2024