ოპოზიციამ მაგისტრალების პიკეტირების დღევანდელი გეგმა შეცვალა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 May.'09 / 17:23

ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მუხროვანის სამხედრო ნაწილში მომხდარი დღევანდელი ინციდენტის გამო  მათ მიიღეს გადაწყვეტილება გადადონ თბილისში შემოსასვლელი მაგისტრალების პიკეტირების გეგმები.

კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, რომელმაც განცხადება საპროტესტო აქციების ორგანიზატორ სხვა ლიდერებთან ერთად გააკეთა, აღნიშნა, რომ ეს ”ტაქტიკური” ნაბიჯია და ითვალისწინებს ღონისძიების 2-3 დღით გადადებას, ”სანამ საბოლოოდ არ გაირკვევა სრული ვითარება”.

”სააკაშვილმა ქართული ჯარის გამოყენება დაიწყო პოლიტიკური მიზნებისთვის. იმისათვის რომ მას ხელი შეეშალა დღევანდელი აქციისთვის, რომელიც დაგეგმილი ჰქონდა ოპოზიციას - ავტომაგისტრალები გადაკეტვა  - შემოგვთავაზა მორიგი სატელევიზიო სპექტაკლი. ის ნაწილი, რაც ჩვენ ტელევიზიით შემოგვთავაზეთ სპექტაკლი რომ იყო, ამის დამადასტურებელ მასალებს ჩვენ მოგაწოდებთ იმიტომ, რომ ჩვენ ეს მასალების ფიზიკურად გვაქვს,”- განაცხადა ძიძიგურმა, ”არავითარ შემთხვევაში ჩვენ ერთი წამითაც არ გვჯერა, რომ ქართული ჯარი რაიმე რუსული პროვოკაციის მსხვერპლი არის და ჩართული არის ასეთი ტიპის პროვოკაციებში”.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა ალიანსი საქართველოდან დავით გამყრელიძემ განაცხადა: ”გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მზადდება საგანგებო მდგომარეობისთვის სიტუაცია”.

ოპოზიციის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ 5 მაისს შსს-ის მიერ გავრცელებული ფარული ვიდეო-ჩანაწერები დადგმული იყო.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ”ის, რაც მოვისმინეთ და ტელევიზორში გავიდა და ეხება კონკრეტულად ბატონ გია ყარყარაშვილს, ეს არის აბსოლუტური ტყუილი და ცილისწამება”.

მან ასევე განაცხადა, რომ მუხროვანში მომხდარი ინციდენტის გაანალიზების შემდეგ გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები, ”როცა მეტი ინფორმაცია გვექნება”.

Civil.Ge © 2001-2024