ხელისუფლების თქმით, რუსეთის მხარდაჭერილი ამბოხი ჩაიშალა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 May.'09 / 17:31

ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მუხროვანის ამბოხების მიზანი იყო ნატოს წვრთნების ჩაშლა და ხელისუფლების დამხობა.

ამბოხების ორგანიზატორი სამხედრო ნაწილის მეთაური და ყველა მონაწილე დაპატიმრებულია, თუმცა რამოდენიმე მათგანი გაიქცა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.

500-ზე მეტი სამხედრო მეოთხე ბრიგადის ბაზაზეა გადაყვანილი, სადაც მიმდინარეობს მათი დაკითხვა, განუცხადა მან პრეზიდენტს.

მერაბიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ესაუბრა. ტელევიზიებით ნაჩვენებ კადრებში ჩანან სააკაშვილი, მერაბიშვილი, ასევე იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმ ოთახში, რომელიც ეკუთვნის სამხედრო ნაწილის ერთ-ერთ სარდალს, პოლკოვნიკ მამუკა გორგიაშვილს.

”რას ამბობს [მეთაური]? რა გვინდოდაო?” - ეკითხება სააკაშვილი მერაბიშვილს. ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ პოლკოვნიკი გორგიაშვილი დაკითხვაზეა.

დღესვე მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის პირადადაა ჩართული მეამბოხეებთან, მათ შორის გორგიაშვილთან მოლაპარაკებებში.

მან უთხრა მერაბიშვილს: ”მე რომ ველაპარაკე, ვერაფერი ვერ გამაგებინა... როგორც მივხვდი, უნდოდა დროის მოგება რაღაცის მოლოდინში. მაგრამ მე ვუთხარი, რომ ერთ საათს ვაძლევთ ზუსტად [ჩასაბარებლად]”.

”ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც უკვე გამოვაქვეყნებთ, ნათლად ჩანს,  რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ უფრო შორს მიმავალი გეგმები, როგორიცაა რუსების მოწვევა თუ სხვა,” - განუცხადა მერაბიშვილმა პრეზიდენტს. ”ჩვენ კიდევ გამოვაქვეყნებთ სხვა მასალებს”.

”ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ დაკავებულია და ამჟამადაც მიმდინარეობს რამოდენიმე ადამიანის დაკავება, რომლებიც პირდაპირ შემჩნეულნი არიან რუსეთთან კავშირში, მათ შორის დაკავებულია გენერალი [კობა] კობალაძე [ეროვნული გვარდიის ყოფილი მეთაური],”- განაგრძო მერაბიშვილმა.

როდესაც მერაბიშვილმა კობალაძის სახელი ახსენა, სააკაშვილმა შეაწყვეტინა და განაცხადა: ”გენერალი კობალაძე მისახედი იყო ბევრად უფრო ადრე”.

”ამ ხალხს ბოროტების გარდა საქართველოსთვის არაფერი არ გაუკეთებია. ესენი არიან ჩამოყალიბებული თავისი მენტალიტეტით და აქვთ აბსოლუტურად კრიმინალური გადახრა. და ეს ყველამ ვიცოდით ... ამ ხალხს არ უნდა ებოგინა თავისუფლად ამდენი ხანი საქართველოში,” - განაცხადა სააკაშვილმა. მას მხედველობაში ჰყავდა კობალაძე და კობა ოთანაძე, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი. ეს უკანასკნელი, შსს-ის ცნობით, ამბოხების ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც ჯერ ვერ დააკავეს.

შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა: ”ლიბერალიზმმა მიიღო უკვე საშიში ხასიათი. ამის მოთმენას მე აღარ ვაპირებ. ეს ხალხი ჩამოყალიბებული კრიმინალებია და ყველამ კარგად ვიცით”.

კიდევ ერთ ვიდეომასალაში სააკაშვილი მუხროვანის სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებს ესაუბრება.

”რა უნდოდათ სხვადასხვა კრიმინალებს და ბანდიტებს თქვენ ნაწილში?” - მიმართა სააკაშვილმა ხაზზე დამწკრივებულ ჯარისკაცებს, ”ეგენი შემოუშვით ნაწილში და ჩვენი წარმომადგენლები არ შემოუშვით?”

”მე ვიცი, რომ თქვენ აბსოლუტურად გაგაბრიყვეს,” - განაგრძო სააკაშვილმა.

”თქვენი მეთაური მეუბნებოდა, რომ ორი დღე უნდა ვიყოთ აქო და იმეორებდა ამ ორ დღეს ისტერიულად,” - განაცხადა სააკაშვილმა. ”თვითონ არ იცოდა რას ბლუყუნებდა; იძახოდა მარტო ”ორი დღე”, ”ორი დღე”, ”ჩვენ გვაქვს ორდღიანი დაუმორჩილებლობა და მერე ვნახოთ”. ერთი მაინტერესებს ვის ელოდებოდით ამ ორი დღის განმავლობაში, ვინ მოდიოდა თქვენს დასახმარებლად?”  

”ხომ არ ეგონათ თქვენ ბრიყვ მეთაურებს, რომ მე ვარ შევარდნაძე,” - მიმართა სააკაშვილმა ჯარისკაცებს. მას მუხროვანში შევარდნაძის მმართველობის დროს მომხდარი ამბოხება ჰქონდა მხედველობაში.

2001 წელს მუხროვანში განთავსებულმა ეროვნული გვარდიის სამხედროებმა სოციალური მოთხოვნებით ამბოხება მოაწყვეს. პრეზიდენტმა შევარდნაძემ მაშინ აპატია მეამბოხეებს, მათ შორის კობა ოთანაძეს, რომელიც მაშინ იმ ნაწილში მსახურობდა.

პირველი არაოფიციალური ინფორმაცია მუხროვანის ამბოხების შესახებ 5 მაისს შუადღისას გახმოვანდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სამინისტრომ ჩაშალა ”სრულმასშტაბიანი” სამხედრო ამბოხების გეგმა, რომელიც ”კოორდინირებული იყო რუსეთთან” და რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ. მისი თქმით, სამართალდამცავი სტრუქტურები არმიაში შესაძლო ამბოხების შესახებ ინფორმაციას ბოლო ორი თვე იძიებდნენ.

”როგორც ჩანს, ეს გეგმა იყო კოორდინირებული რუსეთთან და მიზნად ისახავდა, როგორც მინიმუმ, ნატოს სამხედრო წვრთნების ჩაშლას და როგორც მაქსიმუმ, შესაძლოა ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხის მოწყობას,” - განაცხადა უტიაშვილმა 5 მაისს.

პრესკონფერენციის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ მუხროვანში განთავსებულმა სატანკო ბატალიონმა სამშაბათს დილით ამბოხება მოაწყო.

”უფრო ფართომასშტაბიანი ამბოხება იგეგმებოდა და მისი მიზანი იყო ნატოს წვრთნების ჩაშლა და საბოლოო მიზანი იყო ხელისუფლების სამხედრო ძალის გზით ჩამოგდება,” - განუცხადა სიხარულიძემ ”რუსთავი 2”-ს ტელეფონით.

შსს-ის ცნობით, ამბოხების ორგანიზებასთან დაკავშირებით მან დააკავა  90-იან წლებში თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური გია ღვალაძე.

შსს-მ ასევე გაავრცელა ვიდეომასალა, რომელსაც ერთ-ერთი დამსწრე პირი ფარული კამერით იღებს და სადაც ნაჩვენებია მამაკაცი, სავარაუდოდ გია ღვალაძე, რომელიც რამოდენიმე ადამიანს ესაუბრება - ერთი, რომლის სახეც დაფარულია, რათა არ იქნას ამოცნობილი და მეორე, რომელსაც ფარული კამერა უკეთია.   

დაგეგმილ ამბოხებაზე საუბრისას ღვალაძე ახსენებს ყოფილი სამხედრო და უშიშროების მაღალჩინოსნების სახელებს, მათ შორის ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით თევზაძეს; ყოფილ უშიშროების მინისტრს ჯემალ გახოკიძეს, ეროვნული გვარდიის ყოფილ მეთაურს კობა კობალაძეს და 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ მეთაურს გია ყარყარაშვილს. ამჟამად ყარყარაშვილი ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის წევრია. ღვალაძის თქმით, ეს ადამიანები დაუჭერდნენ მხარს დაგეგმილ ამბოხებას.

შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ამბოხების კავშირში მყოფთა გამოსავლენად.

პოლიციამ მუხროვანის ბაზას ალყა შემოარყა, სადაც ჟურნალისტებს და სამოქალაქო პირებს არ უშვებენ. ტელევიზიებმა უჩვენეს კადრები, სადაც ჩანს როგორ მიემართება  ათობით საბრძოლო ტანკი და შსს-ს ჯანშანტექნიკა ”კობრა” ბასიზკენ. ტელეკომპანიებმა ”მაესტრომ” და ”კავკასიამ” განაცხადეს, რომ მისი ჟურნალისტები არ შეუშვეს სამხედრო ბაზის შიგნით, როდესაც იქ პრეზიდენტი სააკაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მივიდნენ ინციდენტის დასრულების შემდეგ. მხოლოდ სახელმწიფო ტელევიზიების ჟურნალისტები შეუშვეს ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ერთად ბაზაზე, იტყობინებიან ”მაესტრო” და ”კავკასია”.  

ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერმა ეჭვქვეშ დააყენა მოვლენების ოფიციალური ვერსია ჯერ კიდევ მანამ, სანამ ინციდენტი ამოიწურებოდა.

”ჩვენ არ გვჯერა, რომ ქართული არმია არის რუსული პროვოკაციების მსხვერპლი და რუსეთის პროვოკაციებში მონაწილეობს,” - განაცხადა კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ იგი რაიმე პოლიტიკურ შეფასებას ვერ გააკეთებს ინფორმაციის ნაკლებობის გამო.

ზოგიერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მუხროვანის მოვლენები შესაძლოა ხელისუფლების ორგანიზებულია საპროტესტო აქციებიდან ყურადღების გადატანის მიზნით.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა áƒ˜áƒ áƒáƒ™áƒšáƒ˜ ბათიაშვილმა განაცხადა, რომ კვლავ გაურკვეველია, თუ რა მოხდა რეალურად მუხროვანში, რადგანაც დამოუკიდებელი ინფორმაცია მიუწვდომელია.

5 მაისს დაახლოებით 11:40 საათზე საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსმა” თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა პატარა ინფორმაცია გორგიაშვილის ციტატებით, სადაც ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ მისი ნაწილის ქმედება უკავშირდებოდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, თუმცა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გორგიაშვილის ზუსტი მოტივების დადგენა შეუძლებელი გახდა.       

”არ შეიძლება, გულგრილად ვუყურო იმ პროცესებს, სანამ ქვეყანა დაიმხობა... ამ დაძაბულობას უკვე ვეღარ ვიტანთ”, - იტყობინება ”ინტერპრესნიუსი” გორგიაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით. ”სატანკო ნაწილი კვლავ ყაზარმულ მდგომარეობაზე რჩება და აქედან გასვლას არ აპირებს”.

“ამ განცხადების გაკეთებას არ ვაპირებდით, სანამ არ დაიძაბა სიტუაცია და ჩიხში არ შევიდა. ვხედავ საშიშროებას, რომ დაპირისპირება არ მოხდეს იარაღის გამოყენებით. ოპოზიციის წარმომადგენლები ისეთ ინფორმაციებს გადმოცემენ, რომ აშკარაა, დაპირისპირება მოხდება. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყებს დაპირისპირებას. გამსახურდიას დროს ვინც დაიწყო, დღემდე არ არის გამოკვლეული და ახლა პროგნოზების დროა?!” - განაცხადა გორგიაშვილმა.

ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და სამხედრო ექსპერტმა ასევე გამოთქვა ვარაუდები, რომ ამბოხება შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ხელისუფლების სავარაუდო გეგმებთან ძალა გამოეყენებინა თბილისში საპროტესტო აქციების დასაშლელად, თუმცა რამოდენიმე სამხედრო ოფიცერმა უარი განაცხადა ამაში მონაწილეობაზე. ”შესაძლოა ასეც მოხდა, მაგრამ დამოუკიდებელი ინფორმაცია არ არსებობს დასკვნების გასაკეთებლად,” - განაცხადა გია ყარყარაშვილმა.

”ბევრი ვერსია არსებობს იმისა, თუ რა მოხდა რეალურად, მაგრამ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ვერსია ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელია,” - განაცხადა თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან 5 მაისს.       

 

 

 

Civil.Ge © 2001-2024