”იმედის” ჟურნალისტებმა ხელმძღვანელობას საპროტესტო განცხადებით მიმართეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 May.'09 / 18:58

ტელეკომპანია ”იმედის” 50-მდე ჟურნალისტმა არხის ხელმძღვანელობას საპროტესტო განცხადებით მიმართა და მათთვის დაწესებული აკრძალვები გააპროტესტა, ასევე მოითხოვა ერთობლივი მექანიზმების შემუშავება, რათა ”იმედს” დაუბრუნდეს საზოგადოების ნდობა.

ამის შესახებ 5 მაისს გაზეთი ”რეზონანსი” იტყობინება და ასევე აქვეყნებს განცხადების სრულს ტექსტს, სადაც ჟურნალისტები აპროტესტებენ არხის საინფორმაციო სამსახურის სარედაქციო პოლიტიკას.

”ვთვლით, რომ ტელეკომპანია ”იმედის” საინფორმაციო სამსახური არაობიექტურად აშუქებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს,”- ნათქვამია განცხადებაში, სადაც კონკრეტულ აკრძალვებზეა საუბარი.

  • კერძოდ, ჟურნალისტები აცხადებენ, რომ 2008 წლის სექტემბერში შედგა თათბირი, სადაც ჟურნალისტებს აუკრძალეს არასაპარლამენტო ოპოზიციის, ექსპერტების გარკვეული ჯგუფის ჩაწერა-გადაღება;
  • აიკრძალა დევნილების პრობლემების გაშუქება იმ მოტივით, რომ ეს თემატიკა ”პრობლემებს” უქმნიდა ხელისუფლებას;
  • აქციების მსვლელობისას ოპერატორებს აეკრძალათ მომიტინგეთა რაოდენობის რეალურად ამსახველი კადრების გადაღება;
  • დაიბლოკა პატრიარქის მოწოდება, რომლის ადრესატებიც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ; ამ მიზეზით ”იმედის” ორმა ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ დატოვა ტელეკომპანია.
  • დაიბლოკა სიუჟეტი მთაწმინდის პარკის გახსნასთან დაკავშირებით, სადაც ჟურნალისტს ბადრი პატარკაციშვილის წვლილის შესახებ უნდა ესაუბრა;
  • ჟურნალისტებს დაევალათ სიტყვა ”დევნილის ნაცვლად ”დაზარალებულის, ხოლო ”საკნის” ნაცვლად ”გალიის” გამოყენება;
  • საინფორმაციო სამსახურების დღის მთავარ გამოშვებებში არ გაშუქებულა საპროტესტო აქციების დროს მოქალაქეების ცემის ფაქტები და კომენტარები მათ შესახებ, ”მაშინ როცა ყოველდღიურად შუქდება შსს-ის მიერ მოწოდებული ოპერატიული მასალა, რომელიც მხოლოდ მომიტინგეების დისკრედიტაციას ახდენს”.

ჟურნალისტები მიმართავენ ხელმძღვანელობას თანამშრომლობის წინადადებით, რათა მოიძებნოს გამოსავალი და მოუწოდებენ გადაწყვეტილება 6 მაისის დღის ბოლომდე იქნას მიღებული.

განცხადების ადრესატები არიან ”იმედის” გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი და მისი მოადგილე, საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამები დირექტორი ალექსანდრე ფარულავა.

გაზეთ ”რეზონანსთან” საუბარში ბიძინა ბარათაშვილმა განაცხადა, რომ ის ინფორმირებულია განცხადების შესახებ. ”ჟურნალისტების მხრიდან გამოთქმულია სურვილი ტელევიზიაში გავაჯანსაღოთ სიტუაცია და ჩვენ მზად ვართ ამისთვის,”- áƒ’ანაცხადა ბარათაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024