ყოფილი დიპლომატი შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 May.'09 / 15:02

ვახტანგ მაისაია, რომელიც 2004-2008 წლებში ნატოში საქართველოს დიპლომატიურ მისიაში მსახურობდა მრჩევლად, რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟის ბრალდებით დააპატიმრეს, განაცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 6 მაისს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 6 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, რომ  მაიასაია ამზადებდა და დაშიფრული სახით, ელექტრონული ფოსტით უგზავნიდა სხვადასხვა ინფორმაციებს, რომელთა ”ნაწილი შეიცავდა სახელწიფო საიდუმლოებას, მათ შორის საქართველოში არსებული სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებისა და სამთავრობო ცვლილებების შესახებ, ასევე საქართველოს მიერ შეძენილი შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის შესახებ”.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია წარსულში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.

”2008 წლის აგვისტოში, საქართველო-რუსეთის ომის პერიოდში საათობრივად აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაყოფების, სამხედრო ტექნიკის რაოდენობის და დისლოკაციის ადგილების შესახებ. მიწოდებული ინფორმაციების სანაცვლოდ, მაისაიასთვის ხდებოდა ფულადი თანხების ჩარიცხვა მის ანგარიშზე,” - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა დღეს სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე, რომ მაისაიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას.

”აგვისტოს ომის დროს ყოველ ორ საათში, თუ საათნახევარში ერთხელ - გამოძიება ადგენს, მაგრამ ეს დადგენილია უკვე და ისიც [მაისაია] ადასტურებს - áƒ˜áƒ¡ გადასცემდა საქართველოს ჯარის პოზიციებს, რათა მოწინააღმდეგეს ეპოვა ჩვენი ნაწილები და უკეთესად დაებომბა,” - განაცხადა სააკაშვილმა. ”მან მიაყენა დიდი ზარალი ამ წლებში საქართველოს უსაფრთხოებას”. 

”რანაირი მორალის და ზნეობის მატარებელი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ ღიად მუშაობს თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, ემუშავება გაცნობიერებულად მისი ქვეყნის მოწინააღმდეგეს, არამედ ღია სამხედრო დაპირისპირების დროს ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ჯარი განადგურდეს, ჩვენი დედაქალაქი დაიბომბოს იმიტომ, რომ თბილისიდან აწვდიდა პოზიციებს და ეს გამოყენებული იქნა შემდეგ სამიზნეების შესარჩევად და ყველაფერ ამას აკეთებდეს ფულის გულისთვის,”- განაცხადა სააკაშვილმა.

 

Civil.Ge © 2001-2024