კობალაძეს ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მომზადება ედება ბრალად
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 May.'09 / 16:00

კობა კობალაძეს, რომელსაც 2004 წლის თებერვლამდე ეროვნული გვარდიის მეთაურის პოსტი ეკავა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა  ხელისუფლების ჩამოგდების მიზნით გადატრიალების მომზადების ბრალდების საფუძველზე.

მისმა ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ კობალაძეს სისლის სამართლის 315 მუხლის მეორე ნაწილით ედება ბრალი - ”ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად”.

”იგი [კობალაძე] ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ იგი მზად არის დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა,” - განაცხადა ადვოკატმა.

კობალაძე 5 მაისს დააპატიმრეს, რასაც წინ უძღოდა მუხროვანის სატანკო ბატალიონის მეთაურის მიერ, სავარაუდოდ, ხელისუფლებისთვის დაუმორჩილებლობის გამოცხადება.

5 მაისს მუხროვანის ინციდენტის ამოწურვის შემდეგ შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს მოახსენა, რომ დაკავებულია ”რუსეთთან კავშირში შემჩნეული” კობა კობალაძე.

როდესაც მერაბიშვილმა კობალაძის სახელი ახსენა, სააკაშვილმა შეაწყვეტინა და განაცხადა: ”გენერალი კობალაძე მისახედი იყო ბევრად უფრო ადრე”.

”ამ ხალხს ბოროტების გარდა საქართველოსთვის არაფერი არ გაუკეთებია. ესენი არიან ჩამოყალიბებული თავისი მენტალიტეტით და აქვთ აბსოლუტურად კრიმინალური გადახრა. და ეს ყველამ ვიცოდით ... ამ ხალხს არ უნდა ებოგინა თავისუფლად ამდენი ხანი საქართველოში,” - განაცხადა სააკაშვილმა. მას მხედველობაში ჰყავდა კობალაძე და კობა ოთანაძე, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი.

შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა: ”ლიბერალიზმმა მიიღო უკვე საშიში ხასიათი. ამის მოთმენას მე აღარ ვაპირებ. ეს ხალხი ჩამოყალიბებული კრიმინალებია და ყველამ კარგად ვიცით”.

Civil.Ge © 2001-2024