საზოგადოებრივი ჯგუფი პრეზიდენტის მიერ 'უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას' აპროტესტებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 May.'09 / 19:42

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჯგუფმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის საჯარო განცხადებების შემდეგ არსებობს საფრთხე, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი დიპლომატის ვახტანგ მაისაიას მიმართ გამოძიება არაობიექტურად წარიმართოს და მის ”მოქალაქეობრივ ღირსებას ჩრდილი დაუმსახურებლად მიადგეს”.

ვახტანგ მაისაია, რომელიც 2004-2008 წლებში ნატოში საქართველოს დიპლომატიურ მისიაში მსახურობდა მრჩევლად, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და მას დღეს წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისი დაკავებიდან მეორე დღეს, 6 მაისს განაცხადა, რომ  მაისაიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას. ”ის გადასცემდა [აგვისტოს ომის დროს] საქართველოს ჯარის პოზიციებს, რათა მოწინააღმდეგეს ეპოვა ჩვენი ნაწილები და უკეთესად დაებომბა,” - განაცხადა სააკაშვილმა.

”სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ, გამოძიების დასრულებამდე,  მოხდა ვახტანგ მაისაიას ბრალეულობაზე მითითება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალები და არც თვით ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას ბრალეულობის დასადგენად. აღიარებითი ჩვენება შეიძლება მიცემულ იქნას ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად,”- ნათქვამია განცხადებაში, ”ამრიგად, პრეზიდენტის მიერ დარღვეულ იქნა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი...  პრეზიდენტის მიერ ფაქტის საჯარო სამართლებრივი შეფასება ქმნის იმის საფრთხეს, რომ გამოძიება არაობიექტურად წარიმართოს”.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერს საზოგადოებრივი აქტივისტების 9-კაციანი ჯგუფი ინდივიდუალურ საფუძველზე, მათ შორის ”ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს” დირექტორი  ქეთევან ხუციშვილი; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი, სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ეკა სირაძე, ასევე  ჟურნალისტი ია ანთაძე, ექსპერტები ანდრო ბარნოვი, თორნიკე შარაშენიძე, ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე.

მათი თქმით, მოულოდნელი იყო ვახტანგ მაისაიას  ჯაშუშობის ”არადამაჯერებელი” ბრალდებით დაკავება. განცხადება მოუწოდებს პროკურატურას ”საზოგადოებას სასწრაფოდ და დამაჯერებლად განუმარტონ ვახტანგ მაისაიას დაკავების სამართლებრივი საფუძველი”.

Civil.Ge © 2001-2024