შეირაღებული ძალების მაღალჩინოსანს სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებაში ედება ბრალი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 May.'09 / 14:00

თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის ( J-7) ხელმძღვანელს ირაკლი ბატკუაშვილს ბრალი სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების მუხლით წარუდგინეს.

სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილი - ”სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ ან გაუფრთხილებლობით გახმაურება იმის მიერ, ვინც ასეთი საიდუმლოება იცოდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ან ვისაც ის გაანდეს” - ამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.

ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ბატკუაშვილისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ბატკუაშვილი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, განუცხადა Civil. Ge-ის მისმა ადვოკატმა ონისე მებონიამ და ასევე აღნიშნა, რომ მას არ მიეცა საშუალება გაცნობოდა საქმის მასალებს.   

ირაკლი ბატკუაშვილი 6 მაისს შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა. ბატკუაშვილი აგვისტოს ომის დროს შეირაღებული ძალების სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის (J-5) ხელმძღვანელი იყო, ხოლო 2006 წლამდე ნატოში საქართველოს მისიაში სამხედრო ატაშედ მუშაობდა.

თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ უარი განაცხადა ამ საქმის გამოძიების დეტალებზე კომენტირებისაგან იმ მოტივით, რომ ეს მის კომპეტენციას სცილდება. მან 8 მაისს ”რუსთავი-2”-ის პოლიტიკურ თოქ-შოუში ”პოზიცია” საუბრისას, განაცხადა, რომ ეს მისთვის ძალიან შემაშფოთებელი საქმეა და დასძინა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ ალბათ ბატკუაშვილის დაკავების მოტივებს áƒœáƒáƒ—ელი მოეფინება.

მის დაკავებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს ასევე ნატოში საქართველოს მისიის ყოფილი დიპლომატი ვახტანგ მაისაია, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკვე შეუფარდეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა. მისი საქმის ირგვლივ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროტესტო განცხადება გაავრცელეს.

ონისე მებონიამ, რომელიც თავდაპირველად მაისაიას ადვოკატიც იყო, áƒ—უმცა მოგვიანებით უარი თქვა მის დაცვაზე იმ მოტივით, რომ მას საქმის მასალების გაუხმაურებლობის გარანტიები მოსთხოვეს, განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით ვერ გააკეთებს კომენტარს ამ ორ დაკავებას შორის შესაძლო კავშირის შესახებ.

Civil.Ge © 2001-2024