ოპოზიციის ლიდერები სააკაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრობენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 May.'09 / 12:26

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას არ სჯერა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრას რაიმე შედეგი ექნება, ეს შანსი მაინც უნდა იქნას გამოყენებული.

ოპოზიციის ოთხი ლიდერი პრეზიდენტ სააკაშვილს 11 მაისს 14:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლადაშენებულ ადმინისტრაციულ შენობაში შეხვდება.

კითხვაზე მიაჩნია თუ არა, რომ შეხვედრა შედეგიანი იქნება, ბურჯანაძემ უპასუხა 10 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუში ”პოლიტიკური კვირა” საუბრისას:  ”არა, არ მჯერა... მე არანაირ შედეგს ამ შეხვედრიდან არ ველოდები; თუმცა, არაერთხელ მითქვამს, რომ მოხარული ვიქნები თუ ვცდები”.

”ვინაიდან არიან ადამიანები, საზოგადოებაშიც და ოპოზიციაშიც, რომელთაც აქვთ ჯერ კიდევ რაღაც რწმება, რომ ამ დიალოგის შედეგად შეიძლება რაღაც პოზიტიური მოხდეს ან მიღწეულ იქნას შედეგი - სააკაშვილის გადადგომა - ბუნებრივია, ეს რესურსიც ამოწურული უნდა იქნას და უნდა ერთხელ კიდევ ვცადოთ დალაპარაკება მაგიდასთან,” - განაცხადა ბურჯანაძემ. 8 მაისს მან ეჭვები გამოთქვა, რომ სააკაშვილი გადადგამდა ”ასეთ გაბედულ ნაბიჯს” და შეხვდებოდა ოპოზიციას.

კითხვაზე დათანხმდება თუ არა იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და კოალიციური მთავრობის შექმნას შესთავაზებს მისი გადადგომის მოთხოვნაზე უარის თქმის სანაცვლოდ, ბურჯანაძემ უპასუხა: ”ეს გამორიცხულია”.

”მე შემიძლია აბსოლუტურად გადაწყვეტილად გითხრათ - არანაირ კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით, არანაირ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი საუბარი ხვალ არ იქნება. ხვალ იქნება საუბარი ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის გადაყენებასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცედურასთან დაკავშირებით, რა პროცედურით შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხი ისე, რომ ქვეყნისათვის ეს არ იყოს პრობლემატური,” - განაცხადა ბურჯანაძემ.

”ერთადერთი გზა კრიზისის დასაძლევად არის სააკაშვილის გადადგომა,” - განაცხადა მან. ”ოპოზიცია იქ მიდის თავისი არგუმენტებით, თუ რატომ უნდა გადადგეს სააკაშვილი... სააკაშვილი 2007 წლის ნოებერშიც არ აპირებდა გადადგომა, მაგრამ ის გადადგა და გარწმუნებთ, რომ მას ახლაც მოუწევს გადადგომა”.

იმავე გადაცემაში საუბრისას თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადა áƒ“აგეგმილ შეხვედრაზე: ”მე მინდა, რომ ვიყო მაქსიმალურად იმედიანი”.

”ხელსუფლებას ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეძლევა შანსი, რომ რაღაცა პოზიტიური გააკეთოს ქვეყნის კრიზისიდან გამოსასვლელად,” - განაცხადა ხიდაშელმა. ”მე მჯერა, რომ ადამიანებს აქვთ ხოლმე მომენტები, როდესაც ისინი გადაწყვეტენ, რომ დარჩნენ ისტორიაში, როგორც წარმატების სიმბოლოები, როგორც სახელმწიფოებრიობის გაძლიერების სიმბოლოები და არა როგორც პრეზიდენტები ან ხელისუფალნი, რომელიც შემდეგ გააგდეს ან გაასამართლეს... ამისი მე გულწრფელად მჯერა”.

”საქართველოში უნდა მოხდეს რეჟიმის ცვლილება - ეს არის ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის უმწვავესი პოლიტიკური კრიზისიდან. სხვა არაფერზე ჩვენ არ ვაპირებთ უსაგნო დიალოგში შესვლას. თუკი შემოთავაზება იქნება ამ შედეგით, რიგგარეშე არჩევნების შედეგით - ორივე არჩევნებს ვგულისხმობ - ეს არის მოლაპარაკების საგანი... კომბინაცია შეიძლება იყოს ასეთიც, ანუ დღეს კი არ მიდის სააკაშვილი, ან ხვალ 2 საათზე, არამედ იყოს ძალიან კონკრეტული თარიღი განსაზღვრული - და ეს ყველაფერი უნდა იყოს ნათქვამი ძალიან ცალსახად და ნათლად. მე არ მინდა დეტალებში შესვლა. მთავარი არის უმარტივესი, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობა უნდა დამთავრდეს და ქვეყანაში უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები,” - დასძინა მან.     

 

Civil.Ge © 2001-2025