უგულავა: გვაქვს ’საგზაო რუკა’ პრობლემების ევოლუციურად დასაძლევად
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 May.'09 / 16:24

თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც მმართველი პარტიის გავლენიანი წარმომადგენელია, განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს ”ძალიან კონკრეტული” გეგმა, თუ როგორც უნდა დაიძლიოს კრიზისი ევოლუციურად, ყოველგვარი არეულობების გარეშე.

”პროცესი, რომელიც დაიწყო არის ძალიან მნიშვნელოვანი,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს, ”თვითონ პრეზიდენტი ხვდება, იცით, რადიკალური და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს და ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული, როგორც დასავლეთში იტყვიან - საგზაო რუკა, როგორ უნდა დაიძლიოს ყველა პრობლემა ევოლუციურად, ყოველგვარი არეულობების გარეშე, ყოველგვარი გარე ჩარევების გარეშე და ყოველგვარი კატაკლიზმების გარეშე”.

”იმიტომ რომ ყველაზე მეტად ჩვენს საზოგადოებას, რაც დააზარალებს არის არეულობა, შფოთი, არასტაბილურობა. ეს დააზარალებს ჩვენს ეკონომიკას, ეს დააზარალებს სამუშაო ადგილებს, ეს დააზარალებს თითოეულ მოქალაქეს. ”- განაგრძო მან, ”ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენ და მე დარწმუნებული ვარ, ანალოგიურად, ამას გაისიგრძეგანებს ყველა ის ადამიანი ოპოზიციაში, ვისაც აქვს განცდა პასუხისმგებლობის საკუთარი ქვეყნის წინაშე”. 

უგულავამ ეს განცხადება პრეზიდენტისა და საპროტესტო აქციების ორგანიზატორი პარტიების წარმომადგენელი ლიდერების შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა. ამდენად, მან თავი შეიკავა ხელისუფლების ”გეგმის” შინაარსზე საუბრისაგან.

Civil.Ge © 2001-2025