ოპოზიცია 26 მაისს ”სახალხო აღლუმს” გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 May.'09 / 18:19

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ოპოზიცია თბილისში გრანდიოზულ სახალხო აღლუმს გეგმავს, მანამდე კი დედაქალაქსა და რეგიონებში აქციებს გააგრძელებს, მათ შორის პიკეტირების ფორმებითაც.

”26 მაისი ცხადდება ახალ 9 აპრილად, ახალი შეხვედრის დღედ და გთხოვთ იყოთ მობილიზებული, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ სამოქალაქო აღლუმის ჩატარება ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თვითონ,”- განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ მიტინგზე აქციების დაწყებიდან 35-დღეს.

მისი თქმით, სახალხო აღლუმი დაიწყება ეროვნულ სტადიონზე, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ. მან განაცხადა, რომ სტადიონზე შეკრებილი ხალხის რაოდენობის განსაზღვრა იქნება შესაძლებელი.

”ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა და ჩვენი პასუხი გუშინდელ დღეზე,”- განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ გულისხმობდა რა პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას.

26 მაისს, როგორც წესი ხელისუფლება სამხედრო აღლუმს მართავს რუსთაველის გამზირზე, თუმცა წლევანდელ გეგმებზე ოფიციალური განცხადება მთავრობას ჯერ არ გაუკეთებია. შარშან, 26 მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილი სამხედრო აღლუმის დამთავრებისთანავე, რუსთაველის გამზირი ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების ”გაყალბების” წინააღმდეგ თავდაპირველად საბურთალოზე შეიკრიბნენ და შემდეგ პარლამენტის შენობისკენ მანიფესტაციით გაემართნენ.  

გაჩეჩილაძემ მას შემდეგ, რაც მომიტინგეებში აღლუმის გეგმებმა áƒ’აურკვევლობა გამოიწვია, განმარტა, რომ 26 მაისს რუსთაველის გამზირიდან იმპროვიზირებული საკნების აღება არ მოხდება. 

”საკნების აღება აქედან არ მოხდება, თუ არ მოხდა ამ საკნების დარბევა, ძალას თუ გამოიყენებენ, დახვდებათ ადეკვატური ძალა. ეს ტერიტორია არის ჩვენი,”- განაცხადა მან, ”ყოველდღე აქ დავდივართ ისე, როგორც სამსახურში”.

მოძრაობა ერთიანი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ”ვერ ჩაატარებს სამხედრო აღლუმს” 26 მაისს.

მამუკა კაციტაძემ, ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა ალიანსი საქართველოდან áƒ’ანაცხადა, რომ ეს 26 მაისი იქნება ”სააკაშვილის გარეშე”.

”ჩვენ 26 მაისს ახირების გამო კი არ ვდგევართ აქ, ჩვენ გვინდა ავაცილოთ ქვეყანას კიდევ ერთი სირცხვილი. ჩვენ არ გვინდა აღლუმი მიიღოს იმ მთავარსარდალმა, რომელიც გორიდან გამორბოდა,”- განაცხადა რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა áƒ›áƒ˜áƒ¢áƒ˜áƒœáƒ’ზე გამოსვლის დროს.   

საქართველოს ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა მიტინგზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიხსენა გუშინ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა და განაცხადა, რომ სააკაშვილი გარემოცვის მიერ არის მართვადი და ”პოლიტიკურად შეურაცხადია”.

”ამ ქვეყანას შეიძლება ამ ადამიანმა ძალიან დიდი საფრთხე მოუტანოს,”- განაცხადა მან, ”არის ჩაკეტილი იმ კრიმინალური ბანდების ხელში, რომლებიც მართავენ მას. ის ვერაფერს ვეღარ მართავს, არის შეურაცხადი და მართული. არის ჩაკეტილი ვირტუალურ სივრცეში”. 

მან ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილმა შეხვედრაზე ორი áƒ’ზა დაასახელა: ერთი, ოპოზიციასთან გარიგებაზე წასვლა და მეორე, ოპოზიციის მიერ გადატრიალების მოწყობა, რაც ”მას უნდა, როგორც ერთადერთი გადარჩენა მისი და მისი კრიმინალური ბანდების”.

Civil.Ge © 2001-2024