ჟენევის მოლაპარაკებები განახლდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 May.'09 / 12:37

რუსეთის დელეგაცია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ერთად 19 მაისს ჟენევის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს შეუერთდა.

რუსეთის დელეგაციამ და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა 18 მაისს მოლაპარაკებების პირველ დღეს შეხვედრა დატოვეს აფხაზეთის წარმომადგენლების არყოფნის გამო. აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე გაეროს გენერალური მდივნის მოხსენების არარსებობის გამო ბოიკოტს უცხადებდა მოლაპარაკებებს.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაქსიმ გვინჯიამ განუცხადა ჟურნალისტებს ჟენევაში 19 მაისს, რომ მოხსენება გადაეცა მხარეებს და მისი ფორმულირება დაბალანსებული და დამაკმაყოფიულებელია აფხაზური მხარისთვის.

სოხუმი წინააღმდეგი იყო ფორმულირების ”აფხაზეთი, საქართველო”, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ მოხსენებაში იყო გამოყენებული. სოხუმის თქმით, გაერომ აღარ უნდა გამოიყენოს ამგვარი ფორმულირება, რადგან ორმა მისმა წევრმა სახელმწიფომ - რუსეთმა და ნიკარაგუამ - აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

ბოლო მოხსენების ტექტი ჯერჯერობით საჯაროდ ჯერ არ გამოქვეყნებულა. რუსული წყაროების ცნობით, დოკუმენტის სახელი აღარ შეიცავს სიტყვებს ”აფხაზეთი, საქართველო” და მისი სახელწოდებაა ”გენერალური მდივნის მოხსენება, წარმოდგენილი უშიშროების საბჭოს 1808-ე, 1839-ე და 1866-ე რეზოლუციების შესაბამისად”.

Civil.Ge © 2001-2024