ჟენევაში მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დასრულდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 May.'09 / 20:11

მიუხედავად ”თავდაპირველი სირთულეებისა”, მხარეებმა ”კონსტრუქციული სულისკვეთებით” განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხები, ასევე ჰუმანიტარული საკითხები, განაცხადეს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა 19 მაისს მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის დასრულების შემდეგ.

”ჟენევის დისკუსიების მეხუთე რაუნდის მთავარი ელემენტი ის იყო, რომ მონაწილეებმა დაიწყეს კონკრეტული უსაფრთხოების მექანიზმების განხილვა,” - განაცხადა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხარალამპოს ხრისტოპულოსმა, ”ჩვენ ასევე წინ მივიწევთ ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის წყლის პრობლემის მოგვარების კუთხით სადაც ეუთო განსაკუთრებულ როლს თამაშობს”.

რუსეთის დელეგაცია, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ერთად, ჟენევის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს 19 მაისს შეუერთდა მას შემდეგ, რაც 18 მაისს, შეხვედრის პირველ დღეს ბოიკოტი გამოუცხადა.

”დღევანდელი მოლაპარაკებების დროს ადგილი ჰქონდა ინტენსიურ, ზოგჯერ მწვავე აზრთა გაცვლა-გამოცვლას იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ეხება უსაფრთხოებას და სტაბილურობას რეგიონში,” - იტყობინება ”იტარ-ტასსი” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის სიტყვებზე დაყრდნობით.  

”ჩვეულებისამებრ, ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის და ასევე საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძალის არგამოყენების შესახებ სავალდებულო შეთანხმებების ხელმოწერის საჭიროებაზე,” -განაცხადა კარასინმა.

”ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები აღარ განმეორდება,” - დასძინა მან.

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა გაეროს, ევროკავშირის და ეუთოს წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს, ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 1 ივლისს გაიმართოს.

მოლაპარაკებების წინა რაუნდების მსგავსად, რუსეთის, საქართველოს და აშშ-ის წარმომადგენლებმა, ასევე მონაწილეებმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონებიდან 19 მაისს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გამართეს შეხვედრა - ერთი ჯგუფი უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს, ხოლო მეორე - ჰუმანიტარულ საკითხებზე.

”ყველა მონაწილემ მზადყოფნა გამოხატა, რომ განახორციელოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმები, რაზეც შეთანხმება ჟენევის დისკუსიების წინა რაუნდის დროს მოხდა. ეს მექანიზმები საუკეთესო გზად რჩება ყველა მხარისთვის, რათა სწრაფი და ადექვატური რეაგირება მოახდინონ უსაფრთხოების კუთხით ადგილზე მომხდარ ინციდენტებზე,” - განაცხადეს თანათავმჯდომარეებმა ერთობლივ განცხადებაში, ”მონაწილეებმა განიხილეს უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი, ასევე ძალის არგამოყენების და საერთაშორისო უსაფრთხოების რეჟიმების საკითხები”.

ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში მხარეებმა განიხილეს ხუთი დოკუმენტი, რომელიც უკავშირდება სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამებს, საკუთრების უფლებებს, დევნილთა დაბრუნების ხელშეწყობას, ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და სხვა გადაადგილებულ პირთა სამართლებრივ სტატუსს.

Civil.Ge © 2001-2024