შსს სპეცოპერაციის ზოგიერთ დეტალზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 May.'09 / 17:20

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის განახლებულ განცხადებაში ზოგიერთი ის დეტალი გაამჟღავნა, რომელიც გუშინ ღამით მუხროვანის ამბოხში ეჭვმიტანილი პირების წინააღმდეგ მსხვერპლით დასრულებულ სპეცოპერაციას უკავშირდება.

შსს-ის ცნობით, ”ორმხრივი სროლის” შედეგად ადგილზე გარდაიცვალა გია კრიალაშვილი; დაიჭრა áƒ™áƒáƒ‘ა ოთანაძე და ლევან ამირიძე, რომლებიც დაკავებული და გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამინისტროს ცნობით, ”მუხროვანის ამბოხების მონაწილეები” თბილისში სხვადასხვა ადგილებში იმალებოდნენ და შეზღუდული ჰქონდათ კონტაქტი ყველა ნაცნობთან, ხოლო ”ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ისინი თავს აფარებდნენ სოფელ ცხვარიჭამიაში არსებული აგარაკების მიმდებარე ტერიტორიას”.

”შსს-ის  სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ჯგუფი აპირებდა მიკროავტობუსით დაეტოვებინა თბილისი და  სოფელ წინაგარას გავლით, გადასულიყვნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე დადგენილი იქნა აღნიშნული გეგმის განხორციელების სქემა, სწორედ თბილისის ტერიტორიის დატოვების მცდელობის დროს, შსს-ს მიერ ჩატარებული იქნა სპეცოპერაცია ძებნილთა დასაკავებლად, რა დროსაც მათ პოლიციას გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა,”- ნათქვამია შსს-ის ვებ-გვერდზე განახლებული განცხადების ტექსტში.

”დაკავებულებს სხვადასხვა ნივთებთან ერთად თან აღმოაჩნდათ იარაღი, ფულადი თანხა - 3 700 აშშ დოლარის ოდენობით, 4 ცალი მობილური ტელეფონი და რამდენიმე ათეული მობილური ტელეფონის სიმბარათი,”- აცხადებს შსს.

Civil.Ge © 2001-2024