ალასანია ”ოპოზიციური ძალების დაჯგუფების” შესაძლებლობაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 May.'09 / 14:50

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ოპოზიციური ძალების დაჯგუფება იმის მიხედვით მოხდება, თუ 26 მაისის შემდეგ ”რა გეგმით გაგრძელდება საპროტესტო აქციები და ზოგადად, ეს მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლა”.

მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აპირებს საკუთარი პარტიის შექმნას.

”ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება ალიანსში შექმნილ ძალთა ბალანსს,”- განაცხადა მან, ”ეს თავიდანვე გარკვეული იყო, რომ ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია ჩამოყალიბდებოდა”.

მის გუნდთან ერთად ალიანსში ასევე შედიან ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები.

ჟურნალისტის კითხვაზე ხომ არ შეექმნება საფრთხე ალიანსს საქართველოსთვის მის ახალ პარტიაში ლევან გაჩეჩილაძის და გია ყარყარაშვილის გაწევრიანებით, ალასანიამ უპასუხა: ”მოდით თუობით ნუ ვილაპარაკებთ. დაველოდოთ პარტიის შექმნასაც და შემდგომ მოვლენების განვითარებასაც”.   

მან ასევე კომენტარი გააკეთა ოპოზიციის საერთო ლიდერის დასახელების საკითხზე, რომელიც ზოგიერთი ცნობით, 26 მაისს ოპოზიციის ფართომასშტაბიან აქციაზე იგეგმებოდა.

”მე არა მგონია, რომ ხვალ ოპოზიციის საერთო ლიდერი იქნას გამოცხადებული,”- განაცხადა მან, ”პოლიტიკურ ძალთა ერთობა ასეთ საჭიროებას დღეს ვერ ხედავს”.

Civil.Ge © 2001-2024