ალასანია ტაქტიკურ მიდგომებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 May.'09 / 11:13

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ოპოზიციამ უნდა განაგრძოს კამპანია სამი ტაქტიკური მიმართულებით.

სტუდია ”მაესტროს” გადაცემაში სტუმრობისას, ორშაბათს საღამოს ალასანიამ განაცხადა, რომ სჯერა, რომ ოპოზიცია ბრძოლას ”სამ ფრონტზე” გააგრძელებს. ეს მიმართულებები მოიცავს პროტესტის ახალი გზების გამოყენებას და რეგიონებზე მეტი ყურადღების გადატანას; ხელისუფლებასთან აზრიან დიალოგში შესვლას; და ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან კონტაქტების გააქტიურებას.

საპროტესტო ფრონტზე საუბრისას, ალასანიამ აღნიშნა, რომ მოვიდა დრო საქმეზე ორიენტირებული, გამიზნული პროტესტის ახალი ტაქტიკის შესამუშავებლად.

მისი თქმით, ძალიან ბევრი პრობლემაა თითქმის ყველა სფეროსა და სახელმწიფო სტრუქტურაში, რაზეც საპროტესტო მოძრაობები უნდა იყოს მიმართული.

”ვფიქრობ, უფრო ეფექტური იქნება პროტესტი მივმართოთ კონკრეტული სტრუქტურებისკენ,”- განაცხადა მან.

პროტესტის მეორე მიმართულება, მისი თქმით, რეგიონები უნდა იყოს, რადგან მათ მეტი ყურადღება სჭირდებათ. ”ლიდერები უნდა გავიდნენ რეგიონებში, შეხვდნენ ადგილობრივებს და აუხსნან [ოპოზიციის გეგმები],”- განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც გადაწყვიტა დაეჩქარებინა საკუთარი პარტიის ფორმირება შესაბამისი ინფრასტრუქტურით რეგიონებში.

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ალასანიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის ექვს-პუნქტიანი შეთავაზება, რომელიც გაკეთდა პრეზიდენტის წინადადებების საპასუხოდ, იძლევა შესაძლებლობას მოლაპარაკებების ფართო სპექტრის საკითხებზე დასაწყებად, მათ შორის ”საარჩევნო გარემოს შექმნაზე; როგორ უნდა მოხდეს რეპრესიული მანქანის დემონტაჟი, რაც დაბრკოლებას უქმნის თავისუფალ არჩევნებს; სასამართლო სისტემასა და მედიაზე”.

”ეს ის საკითხებია, რაზეც ხელისუფლებასთან საუბარი შესაძლებელია. საბოლოო მიზანია ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანა მზად უნდა იყოს ამ არჩევნების ჩასატარებლად,”- განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, რომელი არჩევნები გაიმართოს თავდაპირველად - საპრეზიდენტო და საპარლამენტო - მოლაპარაკებების საგანია.

მისი თქმით, მესამე ფრონტი დაემთმობა საერთაშორისო მიმართულებას, რასაც ”საკმარისი ყურადღება არ ექცეოდა”.

მან კიდევ ერთხელ აღიარა ტაქტიკური განსხვავებები ოპოზიციის ლიდერებს შორის, მაგრამ ისევ გაიმეორა, რომ ეს არ ნიშნავს უთანხმოებას მთავარ მიზანზე - ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე.

”ის მეთოდები, თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამ მიზანს, შესაძლოა განსხვავდებოდეს, მაგრამ ამ განსხვავდებული მეთოდების არსებობა სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ მათ შესაძლოა საბოლოოდ შეავსონ ერთმანეთი,” - განაცხადა ალასანიამ.

 

 

Civil.Ge © 2001-2024