ალასანია მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 May.'09 / 18:28

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყებას გადაუდებელ საჭიროებად მიიჩნევს, რათა ”პასუხისმგებელმა პოლიტიკურმა ძალებმა” მოძებნონ პოლიტიკური კრიზისიდან უსწრაფესი გამოსავალი.

29 მაისს პრესკონფერენციაზე საუბრისას ალასანიამ კვლავ გაახმოვანა სამმიმართულებიანი ტაქტიკა, რომელიც, მისი თქმით, გამოყენებულ უნდა იქნას ოპოზიციის კამპანიაში ვადამდელი არჩევნების მისაღწევად. გეგმა ითვალისწინებს ”უფრო შედეგებზე ორიენტირებულ კონკრეტულ საპროტესტო აქციებს და არა პერმანენტული საპროტესტო აქციების ჩატარებას; უფრო მეტი საგნობრივი და შინაარსიან დიალოგს ხელისუფლებასთან იმ ექვსი პუნქტის გათვალისწინებით, რომელიც ოპოზიციამ შესთავაზა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩართვას”.

მან ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების საბოლოო მიზანი უნდა იყოს ვადამდელი არჩევნების გზით კრიზისის მოგვარება; თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ პირველ რიგში, საჭიროა შესაფერისი საარჩევნო გარემოს შექმნა და ოპოზიციის ექვსპუნქტიანი გეგმა, მისი თქმით, კარგი დასაწყისია ამგვარი გარემოს შესაქმნელად.

”ჩვენ მზად ვართ უახლოეს დღეებში ასეთი მოლაპარაკებების პროცესს ინიცირება გავუკეთოთ, მზად ვართ სხვა პოლიტიკურ ძალებთან მივიღოთ მონაწილეობა ასეთ მოლაპარაკებების პროცესში, რომლის საბოლოო შედეგი იქნება ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მაგრამ ადგილობრივი არჩევნებიც შეიძლება გახდეს ამ მოლაპარაკებების საგანი,”- განაცხადა ალასანიამ. მას მხედველობაში ჰქონდა ხელისუფლების შემოთავაზება 2010 წლის გაზაფხულზე ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების თაობაზე.

კითხვაზე დათანხმდება თუ არა ის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, საპრეზიდენტოს ნაცვლად, თუ ხელისუფლება ამგვარ წინადადებას დააყენებს, ალასანიამ პირდაპირი პასუხი არ გასცა და განაცხადა, რომ ეს მოლაპარაკების საგანი გახდება.   

”მოლაპარაკების პროცესის შემდეგ შესაძლებელი გახდება ვილაპარაკოთ რაზე შეიძლება შეთანხმება ხელისუფლებასთან და რაზე არ შეიძლება. ამიტომ წინასწარ ამის განსაზღვრა ჩვენი მხრიდან შეუძლებელია,” - განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, აუცილებელია თვისობრივად შეიცვალოს საარჩევნო გარემო. ”მე არა მგონია ამას რამდენიმე თვეზე მეტი დასჭირდეს, ამიტომ თუკი პოლიტიკური ნება და შეთანხმება იქნება, წარმომიდგენია, რომ არჩევნებისთვის მზადყოფნა ქვეყანაში პრაქტიკულად შემოდგომისთვის იყოს,”- განაცხადა მან.

ალასანიამ ასევე აღიარა, რომ მის შეხედულებას აქციების ორგანიზატორი ყველა პარტია არ იზიარებს. მისი თქმით, საპროტესტო აქციებმა საკმაოდ დადებითი როლი ითამაშა, მაგრამ ”აშკარად დადგა საჭიროება, რომ გადაიხედოს სტრატეგია”.

”არიან ზოგიერთი პოლიტიკური ძალები [ოპოზიციაში] ვისაც დიდი უნდობლობა აქვთ მოლაპარაკებების პროცესის მიმართ. ასევე თვლიან, რომ მოლაპარაკებების პროცესი შეანელებს იმ მუხტს, რომელიც საზოგადოებაშია,” - განაცხადა ალასანიამ, ”მე ვთვლი საპირისპიროდ, მე ვთვლი რომ ყველა მიმართულებით უნდა იყოს ძალისხმევა წარმართული, როგორც ქუჩის აქციებით, ასევე მოლაპარაკების პროცესით. ეს ორი მიმართულება ერთმანეთს ავსებს”.

მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ ერთ საკითხზე და ეს არის სააკაშვილის გადადგომის პირობები. მისი თქმით, თუ ვინმეს რაიმე სხვა საკითხებზე უნდა მოლაპარაკებები, ”ეს შეუძლიათ ცალკე გააკეთონ, ჩემი პარტიის მანდატის გარეშე”. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერს ნინო ბურჯანაძეს ასევე მიაჩნია, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება. 

ირაკლი ალასანიამ ასევე განაცხადა 29 მაისს, რომ მისი გუნდი, რომელიც პარტიის სახეს ივნისში მიიღებს, აპირებს შედეგზე ორიენტირებულ აქციებში მიიღოს მონაწილეობა.

”გაგრძელდება ჩვენი მოქმედება იმ საპროტესტო აქციებში, რომელიც დაიგეგმება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კოორდინაციაში, მაგრამ იმავდროულად, ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას ისეთ აქციებში როგორიც არის მაგისტრალების და სხვა სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება,”- კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მან.

მან ასევე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებმა იმ ფორმით, რომელსაც 9 აპრილიდან ჰქონდა ადგილი, ”მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მაგრამ ახლა დროა იმ სტრატეგიას გადავხედოთ, რადგანაც ჩვენ ახალ ეტაპზე გადავდივართ”. ალასანიამ განაცხადა, რომ აქციებმა ყურადღება უნდა გაამახვილოს კონკრეტულ პრობლემებზე, რომელიც სხვადასხვა სექტორებში არსებობს და მიმართული უნდა იყოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისკენ.


 

 

Civil.Ge © 2001-2024