მთავრობა ეკონომიკის 1.5%-ით შემცირებას პროგნოზირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Jun.'09 / 16:06

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ წელს მოსალოდნელია ეკონომიკური მაჩვენებლის 1.5%-ით შემცირება, ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 1%-იანი ეკონომიკური ზრდისა. ამ პროგნოზის ერთ-ერთ მიზეზად მთავრობა ”ქუჩის აქციებს” ასახელებს.

მთავრობის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, მთავრობა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე პირველ კვარტალში ეკონომიკის საგრძნობ კლებას, თუმცა მეორე კვარტლიდან ფისკალური სტიმულირების მეშვეობით უკვე ინვესტიციების ნაკადების გააქტიურებას ელოდა, რასაც ”სრულიად იზიარებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები”.

”სამწუხაროდ, ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკური ურთიერთობების კრიზისმა ჩვენ პრაქტიკულად მთლიანად დაგვაკარგვინა წლის პირველი ნახევარი,”- ნათქვამია პრესრელიზში, ”არსებული ვითარება აისახა როგორც ინვესტორების, ისე ადგილობრივი ბიზნესმენების ნდობაზე მთლიანად ქვეყნის მიმართ. შემცირდა ექსპორტისა და იმპორტის დონე, შემცირდა საწარმოთ ბრუნვები, ბევრმა ინვესტორმა დააყოვნა ინვესტირება. ვარაუდი იმისა, რომ მეორე კვარტალში მოვიზიდავდით ინვესტიციებს და ეკონომიკა სრულფასოვნად ამუშავდებოდა შეუძლებელი შეიქმნა. აღნიშნულის რეალიზება ამჟამად მხოლოდ III და IV კვარტლებშია შესაძლებელია. "ქუჩის პოლიტიკის" შედეგად მივიღეთ ის პროგნოზი, რომ 2009 წელს შესაძლოა ეკონომიკა შემცირდეს 1.5 პროცენტით”.

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სახეზეა საგადასახადო შემოსავლების კლების ტენდენცია, თუმცა სხვადასხვა საერთაშორისო დახმარებების სახით არასაგადასახო შემოსავლებით ”შევძლებთ გავზარდოთ 2009 წლის ბიუჯეტი, რაც ნიშნავს ეკონომიკის დამატებით სტიმულირებას ადრე დაგეგმილ პარამეტრებთან შედარებით”.   

”სტაბილური პოლიტიკური პროცესების პირობებში ქვეყანა შეძლებს გადალახოს არსებული ეკონომიკური სირთულეები,”- აცხადებს მთავრობა.

თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ საბიუჯეტო პარამეტრებს უნდა გადახედოს კლების მიმართულებით ეკონომიკურ ზრდის შეცვლილი პროგნოზებიდან გამომდინარე.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის აცხადებს 2009 წლის იანვარ-მაისის საგადასახადო შემოსავლების შეფასებაზე დაყრდნობით, რომ წლის ბოლომდე მოსალოდნელია ბიუჯეტის 1 მლრდ ლარით გარღვევა.

პარტიის შეფასებით, პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში ყოველთვიურად მცირდება  - იანვარი 9%-ით, თებერვალი - 14%-ით, მარტი - 10%-ით; აპრილი 20%-ით; მაისი 26%-ით - საგადასახადო შემოსავლების მობილიზების მაჩვენებელი.

”გავიდა 5 თვე და მაისის მონაცემებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკუტი მაჩვენებლები დაეცა და მერყეობს 2006, 2007 წლების მაჩვენებლობს შორის,”- განაცხადა ნოღაიდელის პარტიამ, ”სააკაშვილის მმართველობის ყოველი 2 თვე საქართველოს ეკონომიკას 1 წლით უკან სწევს”.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომის და გლობალური კრიზისის ორმაგი ზემოქმედების შედეგად საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მნიშვნელოვანი დაცემა განიცადა 2007 წლის 12.4%-დან 2008 წლის 2%-მდე.

 

Civil.Ge © 2001-2024