სტუდია ”მაესტრო” აცხადებს, რომ რუსთავში მაუწყებლობა შეუწყვიტეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Jun.'09 / 19:10

ტელეკომპანია ”მაესტროს” დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ იგი დაარწმუნა ქალაქ რუსთავის ადგილობრივი საკაბელო ტელევიზიის პროვაიდერმა, რომ იგი ”მაესტროს” მაუწყებლობას 1 ივნისს განაახლებს.

რუსთავის საკაბელო ტელევისიის პროვაიდერმა ”თორი” მაესტროს მაუწყებლობა მისი ქსელის საშუალებით 30 მაისს შეწყვიტა. ”მაესტრომ” ხელისუფლება დაადანაშაულა კომპანიაზე ზეწოლაში; თუმცა, კომპანიამ მიზეზად ”ტექნიკური პრობლემები” დაასახელა.

”მაესტროს” მაუწყებლობა რუსთავში რამდენიმე დღით გასულ კვირასაც შეწყდა იმ ტექნიკური პრობლემის გამო, რომელიც დაზიანებულ მოდულატორს უკავშირდებოდა; მაუწყებლობა მას შემდეგ განახლდა, რაც ”მაესტრომ” თავად მიაწოდა ”თორს” ახალი მოდულატორი.

თუმცა, 30 მაისს მამუკა ღლონტმა განაცხადა თავისი ტელევიზიის ეთერში, რომ მას დაუკავშირდა რუსთავის საკაბელო ქსელის პროვაიდერი, რომელმაც უთხრა, რომ კომპანია იძულებული იყო შეეწყვიტა ”მაესტროს” მაუწყებლობა ხელისუფლების ზეწოლის გამო.

”ეს არის კიდევ ერთი მცდელობა თავისუფალი მედიის შეზღუდვისა და იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და უცხოური დიპლომატიური მისიები დაგმობენ ამ ფაქტს,”- განაცხადა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 30 მაისს ღლონტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

”ოფიციალურად კომპანია ისევ ტექნიკურ პრობლემას იმიზეზებს, რისიც მე არ მჯერა. ეს არის წმინდა პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება. ახლა, დაგვპირდნენ, რომ მოაგვარებენ ”ტექნიკურ პრობლემას” და აღადგენენ ”მაესტროს” მაუწყებლობას დღეს,” - განუცხადა ღლონტმა Civil.Ge-ს 1 ივნისს.

”თორის” ხელმძღვანელობისგან კომენტარის აღება შეუძლებელი გახდა.

მამუკა ღლონტმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად ”მაესტრო” თბილისის გარდა, ასევე მაუწყებლობს თელავში, ბათუმში და ზესტაფონში. მისი თქმით, ამ არხს ახმეტაშიც უყურებდნენ, თუმცა ადგილობრივმა საკაბელო ქსელმა შეწყვიტა მისი მაუწყებლობა ტექნიკური პრობლემების მოტივით.

იმავდროულად, კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ოპოზიცია რუსთავში აპირებს აქციის გამართვას 4 ივნისს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი საკაბელო პროვაიდერი არ აღადგენს ”მაესტროს” მაუწყებლობას. 

 

 

Civil.Ge © 2001-2024