კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ”მაესტროს” საკითხზე სხდომა გადადო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Jun.'09 / 12:54

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 5 ივნისის სხდომა, რომელსაც სხვა საკითხებთან ერთად სტუდია ”მაესტროსთვის” სატელიტური ლიცენზიის გაცემაზე უნდა ემსჯელა, ”ქვორუმის არ არსებობის” მიზეზით გადაიდო.

ამის შესახებ საუბარია კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც გადადებული სხდომის სავარაუდო თარიღი არ არის მითითებული.

სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის საკითხის გადაწყვეტამდე, კომისიამ 22 მაისს გამართულ სხდომაზე განიხილა ”რუსთავი 2”-ის საჩივარი ”მაესტროს” მიმართ არალიცენზირებული ფილმების ეთერში გაშვებასთან დაკავშირებით. ”მაესტროს” დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა აღიარა ამ პრეტენზიის საფუძვლიანობა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საჩივარი არ უნდა გახდეს ლიცენზიის უარის თქმის მიზეზი, რადგან ეს ორი საკითხი ერთმანეთს სამართლებრივად არ უკავშირდება.  

იმავდროულად, 4 ივნისს საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა ძალებმა რუსთავში გამართულ მიტინგზე გააპროტესტეს ”მაესტროს” გათიშვა ადგილობრივი საკაბელო áƒ™áƒáƒ›áƒžáƒáƒœáƒ˜áƒ˜áƒ¡ მიერ, რომელიც, მათი თქმით, ხელისუფლების ზეწოლით მოხდა. მამუკა ღლონტმა მიტინგზე გამოსვლისას მოუწოდა რუსთავის მოსახლეობას არ გადაეხადათ საკაბელო მომსახურების საფასური, ამ გზით გამოეხატათ პროტესტი და აეძულებინათ ”მაესტროს” ჩართვა, რომელიც 30 მაისის შემდეგ გათიშულია ქალაქში.

Civil.Ge © 2001-2024