პრემიერ-მინისტრი: საბიუჯეტო ხარჯების ზრდა იგეგმება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Jun.'09 / 17:19

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადს, რომ მთავრობა საბიუჯეტო ცვლილებების ინიციატივით გამოვა, რომელიც ითვალისწინებს ხარჯების გაზრდას 312 მილიონი ლარით მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში საგადასახადო შემოსავლებმა დაგეგმილ მაჩვენებელს ვერ მიაღწია.

”იკლებს საგადასახადო შემოსალები, თუმცა მეორე მხარეს იზრდება არასაგადასახადო შემოსავლები: მოსაკრებლები ლიცენზიებიდან, იზრდება ასევე გრანტები - ორმაგდება მსოფლიო ბანკის გრანტი და ორმაგდება აზიის განვითარების ბანკის გრანტი. ჯამში მხოლოდ ეს ზრდის ბიუჯეტს 50 მლნ ლარით და ამის გარდა ჩვენ კიდევ დამატებით სახაზინო ვალდებულბებს ვდებთ ბიუჯეტში, რომელიც კიდევ 260 მლნ ლარით ზრდის,”- განაცხადა გილაურმა დღეს მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან და ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ.

ბიუჯეტის პროექტი რამოდენიმე დღეში წარედგინება პარლამენტს.  

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ოპოზიციური მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა გააფრთხილა მთავრობა, რომ წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტი შესაძლოა 1 მილიარდი ლარით გაირღვეს და შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელებისკენ მოუწოდა. მან ასევე მოუწოდა მთავრობას შეამციროს ხარჯები შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების შეკვეცით და 15%-იანი მოგების გადასახადის გაუქმების ხარჯზე.

მთავრობამ განაცხადა 1 ივნისს, რომ 2009 წელს საქართველოს ეკონომიკა 1.5%-ით შემცირდება და ამის მიზეზად ”ქუჩის პოლიტიკა” და ”პოლიტიკური ურთიერთობების კრიზისი” დაასახელა.

Civil.Ge © 2001-2024