თარხნიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო ერთი პირი დააკავეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Jun.'09 / 18:54

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ დააკავა ნუგზარ შენგელია, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 30 დღით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, განაცხადა შსს-მ 12 ივნისს.

ინციდენტი 11 ივნისს საღამოს მოხდა რუსთაველის თეატრის წინ, როცა ცესკოს თავმჯდომარის მანქანას ახალგაზრდული ოპოზიციური მოძრაობის წევრებმა კვერცხები დაუშინეს. თეატრის შენობაში შესვლამდე, სადაც ბრიტანეთის საელჩო მიღებას მართავდა, თარხნიშვილს უსტვენდნენ, საპროტესტო შეძახილებითა და შეურცხყოფით ამკობდნენ; ერთ მომენტში ორი შუა ხნის მამაკაცი მიუახლოვდა მას და რამდენჯერმე ხელი კრა; ოპოზიციის ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერები ყვიროდნენ: ”ხელი არ ახლოთ [თარხნიშვილს]”. ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შესაძლოა უჩივლოს მათ, ვინც მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა.

Civil.Ge © 2001-2024