მოპიკეტეებს პარლამენტის დაცვასთან ჩხუბი მოუვიდათ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Jun.'09 / 19:37

ათობით მომიტინგეს, ძირითადად ოპოზიციის მხარდამჭერი ახალგაზრდული ჯგუფებიდან, დღეს პარლამენტის დაცვასთან მოუხდა შეხლა-შემოხლა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოში 9 აპრილის საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ პირველი სხდომა გაიმართა. 

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პარლამენტის შენობას ტოვებდა. მის მანქანას პარლამენტის გარეთ კვერცხებით მომარაგებული რამოდენიმე ათეული მომიტინგე დახვდა და შეხლა-შემოხლაც მაშინ დაიწყო, რაც პარლამენტის უიარაღო დაცვა შეეცადა არ მიეშვა მომიტინგეები ბაქრაძის მანქანასთან. ისინი ცდილობდნენ მომიტინგეები გზიდან გადაეყვანათ, რათა მანქანას გაევლო. შეხლა-შემოხლის დროს პარლამენტის დაცვას ასევე ეხმარებოდა რამოდენიმე ათეული ადამიანი სამოქალაქო ტანსაცმელში.

შეხლა-შემოხლა რამოდენიმე ინტერვალით გაგრძელდა მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის მანქანამ ტერიტორია დატოვა. სატელევიზიო კადრებში ჩანს, თუ როგორ ისვრის მომიტინგე ქვას დაცვის მიმართულებით.     

პარლამენტის წინ მომხდარი კიდევ ერთი ინციდენტის დროს, ოპოზიციის მხარდამჭერი ახალგაზრდული ჯგუფების აქტივისტებმა წყალი შეასხეს დეპუტატს მმართველი პარტიიდან გიორგი ასანიძეს მას შემდეგ, რაც მან პარლამენტის შენობა დატოვა. ასევე 12 ივნისს აქტივისებმა იგივე ჯგუფიდან სიტყვიერად შეუტიეს დეპუტატს საპარლამენტო უმცირესობიდან გია თორთლაძეს, რომელიც ასევე ტოვებდა პარლამენტის შენობას. რაღაც მომენტში გია თორთლაძესა და ერთ-ერთ მომიტინგეს, შუა ხნის მამაკაცს შორის ჩხუბიც კი მოხდა, მას შემდეგ, რაც თორთლაძეს სიყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

პარლამენტმა პირველ რიგგარეშე სხდომა 12 ივნისს გამართა მას შემდეგ, რაც უკვე ორ თვეზე მეტია პლენარული სხდომები შეწყვეტილია საპროტესტო აქციების მოტივით. დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან პარლამენტის დაკეტვის გადაწყვეტილება ახსნეს სურვილით თავიდან ყოფილიყო აცილებული შესაძლო დაპირისპირება და ექსცესები მომიტინგეებსა და მათ შორის. განცხადება იმის თაობაზე, რომ პარლამენტი შეიკრიბებოდა, დავით ბაქრაძემ პარასკევს დილით გააკეთა. 

 

 

Civil.Ge © 2001-2024