პოლიციამ 39 აქტივისტი დააკავა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Jun.'09 / 18:07

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ 15 ივნისს მომხდარი ინციდენტის შედეგად 39 მომიტინგე იქნა დაკავებული, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ.

მისი თქმით, შს სამინისტრო სთხოვს სასამართლოს დააჯარიმოს და გაათავისუფლოს დაკავებული აქტივისტების უმეტესობა; თუმცა, რამოდენიმე შემთხვევაში სამინისტრო ზოგიერთი აქტივისტის ერთთვიან პატიმრობას მოითხოვს.

ზღულაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეებს სამმართველოს წინ ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი, ეს არ გამხდარა აქციის დაშლის მიზეზი. მისი თქმით, პოლიციამ მას შემდეგ გადაწყვიტა ჩარევა, რაც სამართალდამცავებმა მომიტინგეებში ამოიცნეს სამი ადამიანი, რომლებიც იძებნებოდნენ პოლიციის მიერ პარლამენტის წინ 12 ივნისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

ზღულაძემ ასევე აღნიშნა, რომ როცა პოლიცია შეეცადა ეს სამი აქტივისტი დაეკავებინა, მომიტინგეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც გადაიზარდა შეტაკებაში.

ინციდენტის შემდეგ თავდაპირველად გამოქვეყნებულ განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ”ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბლოკირება გაუკეთეს პოლიციის მთავარ შესასვლელს და გადაკეტეს სამანქანო გზა. პოლიცია შეეცადა შესასვლელი და სამანქანო გზის გათავისუფლებას, რა დროსაც მომიტინგეები არ დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომლებს და გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა”.

Civil.Ge © 2001-2024