პოლიცია ჟურნალისტების ცემის გამო ბოდიშს იხდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Jun.'09 / 18:20

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ პოლიციის ”შეცდომა” იყო, რომ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ 15 ივნისს მომხდარი შეტაკების დროს ჟურნალისტები დაშავდნენ და ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

”ჩვენ ვწუხვართ და ბოდიშს ვიხდით ამის გამო... ეს არის ჩვენი შეცდომა და ჩვენ ამას ვაღიარებთ,” - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ, ”შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს აღარ განმეორდეს მომავალში”.

ტელეკომპანიებმა ”მაესტრომ” და ”კავკასიამ” განაცხადეს, რომ ინციდენტის დროს მათი გადამღები ჯგუფები სცემეს. პროტესტის ნიშნად ორივე ტელეკომპანიამ დროებით მაუწყებლობა შეწყვიტა. ნაცემია ერთი ფოტოგრაფი European Pressphoto Agency-დან, რომელიც ასევე იმყოფებოდა ინციდენტის ადგილას; მას თავზე და ზურგზე ცემის კვალი აღენიშნება.  პოლიციამ ჟურნალისტებს ვიდეო და ფოტო კამერები წაართვა.

ეკა ზღულაძემ განაცხადა, რომ პოლიციამ ჟურნალისტებს ჩამორთმეული აღჭურვილობა დაუბრუნა.

“როიტერის” კორესპონდენტმა თბილისში დაადასტურა, რომ პოლიციამ მას ფოტოკამერა დაუბრუნა. ტელეკომპანია ”კავკასიის” ხელმძღვანელმა დავით აქუბარდიამ განუცხადა Civil.Ge-ს, რომ პოლიციამ დააბრუნა ტელევიზიის ვიდეოკამერა, თუმცა ის გატეხილი იყო. ტელეკომპანია ”მაესტრომაც” განაცხადა, რომ მისი ვიდეოკამერაც დააბრუნეს.      

 

Civil.Ge © 2001-2024