”რუსთავი 2”-ის აქციების 70%-ის მფლობელი ოფშორული ფირმაა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Jun.'09 / 18:42

წინა თანამფლობელის მსგავსად, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის აქციების უმეტესობის ახალი მფლობელიც არის ოფშორული კომპანია Degson Limited, ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ Civil.Ge-ს მიაწოდა.

Degson Limited, რომელიც ”რუსთავი 2”-ის აქციების 70%-ის მფლობელია, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. კომპანიის შესახებ სხვა ინფორმაცია მიუწვდომელია.

დანარჩენი 30% საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის საკუთრებაში რჩება.

”რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც გასულ კვირას პარლამენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად აირჩია, 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის მაისის დასაწყისამდე ”რუსთავი 2”-ის თანამფლობელი იყო და მის სახელზეც იყო დარეგისტრირებული კომპანიის აქციების 30%-ი. მარშალის კუნძულებზე დარეგისტრიებული ოფშორული ფირმა GeoMedia Group-ი 40%-ს ფლობდა, ხოლო დანარჩენ 30%-ს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი.

 

Civil.Ge © 2001-2024