ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომა იგეგმება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Jun.'09 / 11:00

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს პირველი შეხვედრა, სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის თავმჯდომარეობით  22 ივნისს ვაშინგტონში გაიმართება, განაცხადა 16 ივნისს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა.

საბჭოს მიზანი ორ ქვეყანას შორის 9 იანვარს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის განხორციელება იქნება.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას გორდონმა განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯი ”კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მზადყოფნას გავაღრმავოთ თანამშრომლობა საქართველოსთან.”

”აშშ მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს და დემოკრატიული რეფორმების ვალდებულებებს,” - განაცხადა მან, ”ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის სოლიდარულნი ვიქნებით იმ საქმეში, რომ არ ვაღიაროთ ეს ორი რეგიონი [აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი]. ჩვენ ვწუხვართ, რომ რუსეთმა დაბლოკა ეუთო-სა და გაერო-ს მისიების გაგრძელება საქართველოში.”

Civil.Ge © 2001-2024