ალიანსი საქართველოსთვის აქტივისტების დაპატიმრებებზე იტყობინება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Jun.'09 / 17:18

ალიანსმა საქართველოსთვის განაცხადა 17 ივნისს, რომ მისი 10 აქტივისტი დააპატიმრეს ბოლო რამოდენიმე დღის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ძირითადად იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით, ხოლო ერთი დაპატიმრება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბრალდებას უკავშირდება.  

ალიანსმა, რომელიც ახალ მემარჯვენეებს, რესპუბლიკელებს და ირაკლი ალასანიას გუნდს აერთიანებს, განაცხადა, რომ თბილისის გარდა დაპატიმრებები განხორციელდა გორში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ჭიათურაში, ტყიბულში და ადიგენში. რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, დაპატიმრებულების უმეტესობა მისი აქტივისტები არიან.

”ამ ხალხის უკან დგას უამრავი ადამიანი, მათი ოჯახები, მეგობრები, მათი მხარდამჭერები და ნუ იწვევენ ქართულ საზოგადოებას, თორემ მიიღებენ ადეკვატურ პასუხს. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ პასუხი იქნება ძალიან მძიმე და ადეკვატური,”- განაცხადა დღეს თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან, ”სააკაშვილმა უნდა გააკეთოს არჩევანი როგორც წავა იგი ხელისუფლებიდან: წავა ისე, როგორც წავიდა მისი მასწავლებელი შევარდნაძე თუ წავა ისე, როგორც წავიდნენ დიქტატორები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში”. 

17 ივნისს გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, განაცხადა, რომ 15 ივნისის განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმა მშვიდობიან მომიტინგეებზე და ზურაბ აბაშიძის ცემა პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ”შეფასდა როგორც ტერორი განსხვავებული შეხედულების მქონე პოლიტიკოსების წინააღმდეგ”.

მისი თქმით, ამგვარი ტენდენცია ”იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლებამ შეარჩია 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობრივი გზა მწვავე პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად”.

”ეს არის გზა გარდაუვალი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, რომლის პასუხისმგებლობაც მთლიანად მიხეილ სააკაშვილს დაეკისრება,” - განაცხადა ალასანიამ. ”ჩვენ განვიხილავთ ხელისუფლების უამრავ ძალადობრივ ქმედებას, როგორც მათ პასუხს ჩვენ მრავალ მოწოდებაზე დაუყონელივ დაიწყონ დიალოგი არსებული პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად”.

იმავდროულად, კონსერვატორულმა პარტიამ აღნიშნა 17 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, რომ სულ 9 აპრილიდან დღემდე სისხლის სამართლის წესით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულია 20 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით 10 ადამიანი, განხორციელებულია პოლტიკური თავდასხმა, ცემა და გატაცება ოპოზიციის 120 წარმომადგენლის წინააღმდეგ. თავდასხმის არცერთი ფაქტი არ არის გამოძიებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ, აცხადებენ კონსერვატორები.

 

 

Civil.Ge © 2001-2024