საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი დასახელდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Jun.'09 / 12:18

პრეზიდენტმა ობამამ საქართველოში ელჩის პოსტზე ჯონ ბასის კანდიდატურა წარადგინა, იტყობინება თეთრი სახლი.

ბასი შარშან ივლისიდან მსახურობს ერაყში, სადაც ხელმძღვანელობდა სამოქალაქო და სამხედრო პირებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს, რომლის ფუნქციაშიც ერაყის პროვინციებში მმართველობის ინფრასტრუქტურის აღდგენაა. ჯონ ბასი ამ კუთხით ბაღდადის პროვინციაზე იყო პასუხისმგებელი.

ბასი, რომელიც კარიერული დიპლომატია, ბაღდადში დანიშვნამდე სამი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც კრიზისების მართვის ჯგუფს წარმოადგენს.

წარსულში ბასი ასევე მსახურობდა იტალიაში, ბელგიასა და ჩადში და სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა თურქეთის, კვიპროსისა და ნატო-რუსეთის ურთიერთობების საკითხებზე.

Civil.Ge © 2001-2024