მოსკოვი ჟენევის ფორმატის ”ახალ სიტუაციასთან” ადაპტირების საჭიროებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Jun.'09 / 19:16

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ”ახალი სიტუაცია საჭიროებს სერიოზული გააზრებას, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფორმატთან და პერსპექტივასთან დაკავშირებით”.

საგარეო უწყების 29 ივნისის განცხადებაში, სადაც 1 ივლისს ჟენევის შეხვედრების მე-6 რაუნდზეა საუბარი, ნათქვამია, რომ მოსკოვმა ამ საკითხზე უკვე გაიარა კონსულტაციები სოხუმისა და ცხინვალის, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებთან.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის მცდელობის მიუხედავად შენარჩუნებულიყო ეუთოსა და გაეროს საველე მისიები, ”დასავლელი პარტნიორები და საქართველო ყველაფერს აკეთებენ საერთაშორისო დამკვირვებლების მუშაობის დასასრულებლად ამ რეგიონში”. რუსეთმა ორივე მისიის გაგრძელებას ვეტო დაადო.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ სიტუაცია ფეთქებადსაშიშია. მისი მტკიცებით, ქართული ძალები ადმინისტრაციულ საზღვრებთან ახლოს მანევრირებენ.

”საქართველოში შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის შენარჩუნების, მისი მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შემდგომი გაუარესების ფონზე ამან შეიძლება დაძაბულობის ახალი აფეთქება გამოიწვიოს,”- აცხადებს ოფიციალური მოსკოვი.

”ასეთ პირობებში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ძალის არ გამოყენების თაობაზე იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების გაფორმების საჭიროება საქართველოსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს შორის,”- ნათქვამია განცხადებაში, ”მსოფლიო თანამეგობრობას უნდა ჰქონდეს მყარი გარანტიები იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არ განმეორდება შარშანდელი აგვისტოს საშინელი ტრაგედია”.

Civil.Ge © 2001-2024