ჟენევის მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი ”რთული”, თუმცა ”კონსტრუქციული” იყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Jul.'09 / 11:10

ქართული და აფხაზური მხარეები ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში 14 ივლისს გალში შეიკრიბებიან. ამ შეთანხმებას მხარეებმა 1 ივლისს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში მიაღწიეს.

საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის და ასევე სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ჟენევაში ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს შუამავლობით მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი გამართეს და შეთანხმდნენ, რომ მეშვიდე რაუნდი 17 სექტემბერს გაიმართება.

გალში შეხვედრის გამართვის áƒ¨áƒ”მთხვევაში, ეს იქნება ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში პირველი ამ ტიპის შეკრება აფხაზეთთან მიმართებაში.

ეუთოს და ევროკავშირის შუამავლობით ამგვარი შეხვედრა ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში უკვე ორჯერ გაიმართა სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების და ასევე რუსი სამხედრო მეთაურების მონაწილეობით. მესამე შეხვედრა 23 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა ჩაიშალა მონაწილეობაზე ოსური მხარის უარის გამო. გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალი რამდენიმე ოსის გათავისუფლებას ითხოვდა, რომლებიც, áƒ›áƒáƒ—ი განცხადებით, ქართულ მხარეს ჰყავს პატიმრობაში აგვისტოს ომის შემდეგ. ქართული მხარე უარყოფს ამ ბრალდებას. მესამე შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

”ამგვარი მექანიზმები საუკეთესო გზად რჩება ყველა მხარისთვის, რათა სწრაფად უპასუხონ ადგილზე უსაფრთხოების კუთხით მომხდარ ინციდენტებს, და ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან პრაქტიკულ ნაბიჯს სტაბილურობის და უსაფრთხოების ხელშეწყობის და შენარჩუნების მიზნით,” - განაცხადეს თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან მოლაპარაკებების შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ დისკუსიების მეექვსე რაუნდი ”ისევ კონსტრუქციული სულისკვეთებით გაიმართა”.

”ჩვეულებისამებრ, მეექვსე რაუნდი მომენტებში რთული იყო, თუმცა არა დრამატული,” - განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს კრიზისის საკითხებში პიერ მორელმა.

წინა რაუნდების მსგავსად, ბოლო შეხვედრაც ორ სამუშაო ჯგუფში გაიმართა, რომელთაგანაც ერთი უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებზე.

მოლაპარაკებების დროს პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართულმა და რუსულმა მხარეებმა წერილობითი წინადადებები გაცვალეს ძალის არგამოყენების თაობაზე.

რუსეთი დიდი ხანია დაჟინებით ითხოვს თბილისსა და სოხუმს შორის და ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერას. თუმცა, საქართველოს განცხადებით, ამგვარი შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის და ის ასევე უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დეოკუპაციას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ შეთანხმება ასევე უნდა მოიცავდეს წინადადებებს კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო საპოლიციო ძალების განთავსების თაობაზე.

მეორე სამუშაო ჯგუფში, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობს, მხარეებმა განიხილეს არსებითი საკითხები და შეთანხმდნენ, რომ გადავიდნენ ყოვლისმომცველ გეგმაზე, რათა მოაგვარონ დევნილთა საკითხები.

”ეს გულისხმობს დევნილთა დაბრუნებისთვის ადექვატური პირობების შექმნას, მათ შორის უსაფრთხოების, ნდობის აღდგენის და ადამიანის უფლებათა საკითხებს; ასევე ინფრასტრუქტურის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხებს და კომუნალური მომსახურების უზრუნველყოფას,” - ნათქვამია განცხადებაში.
 

 

Civil.Ge © 2001-2024