ებრალიძე საქართველოში პარტიის შექმნას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Jul.'09 / 18:45

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა ალექსანდრე ებრალიძემ განაცხადა, რომ ის საქართველოში პარტიის შექმნას და ამ გზით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

”საპარლამენტო არჩევნები გულისხმობს პარტიას, გულისხმობს გუნდს, იქნება პარტია,”- განუცხადა მან რუსეთში ქართულ ტელეკომპანიებს, ”გუნდი ახლა ყალიბდება”.

”უახლოეს მომავალში გამოჩნდება პიროვნება ან ჯგუფი ხალხის, დეპუტატების, რომლებიც წამოაყენებენ ამ წინადადებას, რომ კონსტიტუცია იქნას შეცვლილი,”- განაცხადა ასევე მან, თუმცა უცნობია თუ რა სახის საკონსტიტუციო ცვლილებას გულისხმობდა.

ებრალიძემ მაისში განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობა სურს. თუმცა იმის გამო, რომ ის მხოლოდ რუსეთის მოქალაქეა, მოქმედი კონსტიტუციით ამას ვერ შეძლებს. ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პრეროგატივას კონსტიტუციის მიხედვით, მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტი ფლობს.

პარტიის შექმნის გეგმები ასევე დაადასტურა ებრალიძის მეგობარმა და ასევე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა ბადრი მელაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ დარწმუნებულია დაგეგმილი პარტიის საარჩევნო გამარჯვებაში.

”ვისაც უნდა ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ყველა მოვა ამ პარტიაში,”- განუცხადა მან მოსკოვში ქართულ ნაციონალურ ტელეკომპანიებს, ”სხვა ძალა არ არსებობს, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს, გარდა იმ ძალისა, რომელსაც ჩვენ შევქმნით ახლა”.

Civil.Ge © 2001-2024