ალასანია: ხელისუფლებაში ზოგი რეალური დიალოგისთვის მზადაა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Jul.'09 / 12:09

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში არსებობს განწყობა, რომ ოპოზიციასთან რეალური დიალოგი გაიმართოს.

”ხელისუფლებას აქვს არჩევანი. მათ შეუძლიათ რეალურად გახდნენ დემოკრატიული ცვლილებების დამწყებნი და ამით შევიდნენ ისტორიაში, როგორც მშვიდობიანი, კონსტიტუცური ცვლილებების ხელმშემწყობნი და მეორე, განამტკიცოს ავტორიტარული რეჟიმი და გახდეს ტირანი,” - განაცხადა მან გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომელიც 10 ივლისს გამოქვეყნდა.

”სამწუხაროდ, ხელისუფლება ჯერჯერობით აგრძელებს იგნორის პოლიტიკას, მაგრამ მე ვიცი და მაქვს განცდა, რომ ხელისუფლებაში არის მზარდი განწყობა, რომ იგნორის პოლიტიკა რეალური დიალოგის რეჟიმით შეიცვალოს,” - განაცხადა ალასანიამ.

”ეს ჯერჯერობით უმაღლეს დონეზე არ შეიმჩნევა. მაგრამ ეს არის საშუალო დონეზე და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ხდება იმის გაცნობიერება, რომ სხვა გზა არ არსებობს,” - დასძინა მან.  

 

Civil.Ge © 2001-2024