პარლამენტმა მიტინგის ახალ წესებზე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Jul.'09 / 15:36

პარლამენტმა 11 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პოლიციის მიერ არალეტალური ტყვიების გამოყენების დაკანონებას; მიტინგებისა და მანიფესტაციების წესების გამკაცრებას; და ადმინისტრაციული ჯარიმებისა და პატიმრობის ვადების გაზრდას ითვალისწინებს.

საპარლამენტო უმცირესობამ უარი თქვა კერჭისყრაში მონაწილეობაზე როგორც პროტესტის გამოხატულება იმ პაკეტის წინააღმდეგ, რომელსაც არასაპარლამენტო ოპოზიცია აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ამგვარი ქმედებებით ხელისუფლებას სურს მეტი ბერკეტები მოიპოვოს ქუჩის საპროტესტო აქციების ჩასახშობად.   

დებატების დროს დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან მოუწოდეს მმართველ პარტიას ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიას წარუდგინოს მიტინგების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი და კომისიის რეკომენდაციების გარეშე არ მიიღოს დოკუმენტი.

თუმცა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პაკეტი მხოლოდ მიღების შემდეგ გაეგზავნება ვენეციის კომისიას ექსპერტიზისთვის.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობა ძირითადად აკრიტიკებდა წინადადებას პატიმრობის ვადის 30 დღიდან 90 დღემდე გაზრდის თაობაზე მთელ რიგ დანაშაულებზე, მათ შორის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, წვრილმანი ხულიგნობის და მიტინგების შესახებ კანონის დარღვევის გამო.

ოპოზიციური დეპუტატების შეშფოთების ერთ-ერთ საკითხს ის წარმოადგენს, რომ შეუძლებელია პატიმრობის ვადის გაზრდა, განსაკუთრებით ”არაადამიანური პირობების” ფონზე იმ საპატიმროებში, სადაც ადამიანები ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიან.

რაც შეეხება პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც, მიღების შემთხვევაში, არალეტალური იარაღის გამოყენების უფლებას მისცემს პოლიციას, დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან განაცხადეს, რომ პოლიციის მიერ ამგვარი იარაღის გამოყენება ორჯერ - 2007 წლის ნოემბერში და 2009 წლის მაისში - უკანონო იყო.

ამჟამად კანონი პოლიციის შესახებ არ შეიცავს არალეტალურ იარაღს იმ სპეციალური საშუალებების და აღჭურვილობის სიაში, რომლის გამოყენების უფლებაც პოლიციას აქვს.

”ორი წელია თქვენ აცხადებთ, რომ პოლიციას ჰქონდა ამგვარი ტიპის იარაღის გამოყენების უფლება; თუ ეს ასეა, რატომ ითხოვთ ახლა ამ áƒªáƒ•áƒšáƒ˜áƒšáƒ”ბის მიღებას?” - მიმართა დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ქრისტიან-დემოკრატებიდან მმართველი პარტიის დეპუტატებს დებატების დროს.

თუმცა, მმართველი პარტიის დეპუტატები დაჟინებით აცხადებენ, რომ არსებული კანონი არ კრძალავს არალეტალური იარაღის გამოყეებას არეულობის კონტროლის მიზნით და საფუძვლად კანონის ის დებულება მოჰყავთ, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიციას შეუძლია გამოიყენოს ისეთი შეიარაღება და საშუალებები, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებით და ნორმებით არ არის აკრძალული. დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა, პაკეტის ერთ-ერთმა თანაავტორმა, განაცხადა, რომ ცვლილება იმისთვის გახდა საჭირო, რომ დადგინდეს ის გარემოებები, რომელშიც პოლიციას შეუძლია გამოიყენოს არალეტალური იარაღი.     

Civil.Ge © 2001-2025