სააკაშვილი: სტაბილურობა შენარჩუნებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Jul.'09 / 10:44

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 12 ივლისს, რომ ის დრო, როდესაც მომიტინგეები ხელს უშლიდნენ მისი და მთავრობის მუშაობას ”დამთავრდა” და ხალხმა გააკეთა არჩევანი ”სტაბილურობის სასარგებლოდ”.

სააკაშვილმა ეს განცხადება საზღვარგარეთ ეკონომიკურ, ფინანსურ და საბანკო სფეროში მოღვაწე ქართველ თანამემამულეებთან შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, ”ათიათასობით სამუშაო ადგილი” დაიკარგა საქართველოში გლობალური ეკონომიკური კრიზისის და ქუჩის საპროტესტო აქციების შედეგად. ანალოგიური შეხვედრა საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულეებთამ თებერვალშიც გაიმართა.

”ბიზნესმენების უმეტესობა ამ ბოლო კვირების განმავლობაში დაშინებული იყო - ვიღაცამ მართლა დაიჯერა, რომ აქ მოხდებოდა სამოქალაქო ომი, ვიღაცამ მართლა დაიჯერა, რომ მთავრობა პარალიზებული იქნებოდა, ვიღაცამ დაიჯერა, რომ რეფორმები შეჩერდებოდა,” - განაცხადა სააკაშვილმა შეხვედრაზე, სადაც განხილულ იქნა ახალი ეკონომიკური გეგმა, რომელიც მთავრობამ საბანკო და სამშენებლო სექტორებთან თანამშრომლობით შეიმუშავა.

”ახლა ყველა უნდა მიხვდეს და დაიჯეროს, რომ დაწყებული რეფორმები გაგრძელდება, საქართველოში იქნება სტაბილურობა და არავის არ მივცემთ დესტაბილიზაციის საშუალებას. ჩვენ არ გადავაყოლებთ ჩვენი გაჭირვებული ოჯახების მომავალს ცალკეული პოლიტიკოსების სულსწრაფ ამბიციებს. ჩვენ ისედაც უამრავი გამოწვევა გვაქვს და არ ვაპირებთ კომპრომისს ფუნდამენტური საკითხების - ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ინფრასტუქტურის და ინვესტიციების ხარჯზე,” - განაცხადა მან.

”ის დრო დამთავრდა, როდესაც ინვესტორი ვერ მოგვყავდა სამთავრობო შენობაში იმის გამო, რომ შენობა დაბლოკილი იყო; როდესაც სავახშმოდ წაყვანილ სტუმრებს რამდენიმე ხულიგანი გარედან მეგაფონით დაჰყვიროდა. ამ ”ექსპერიმენტების” შედეგად, ასობით მილიონის ინვესტიციები დავკარგეთ,” - დასძინა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა კვირას ცალკე შეხვედრა გამართა რეგიონების რწმუნებულებთან და გუბერნატორებთან, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოში არეულობის და დესტაბილიზაციის მოლოდინი ”ჭიქაში ქარიშხლად” იქცა.  

 

 

Civil.Ge © 2001-2024