საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების 15 წარმომადგენელი მოუწოდებს ხელისუფლებას შეაჩეროს ”არსებული ფორმით” მიტინგების, პოლიციის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებების მიღება, რადგან ეს ”უკან გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე”. ერთობლივ განცხადებას მმართველი პარტიის დეპუტატთა მიერ ინიცირებული კანონპროექტთა პაკეტის წინააღმდეგ, რომელსაც პარლამენტმა 11 ივლისს პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი, 14 ივლისს გამართული შეხვედრის შედეგად ხელი მოაწერეს: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ; ფონდმა ღია საზოგადოება - საქართველომ; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ევროპული ინტეგრაციის ფორუმმა; სამოქალაქო მოძრაობამ ”მრავალეროვანი საქართველო”; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ; განათლების ეროვნულმა კავშირმა; კავშირმა 21-ე საუკუნე; საქართველოს იურისტთა გაერთიანებამ; კავკასიის ქალთა ქსელმა და ინვიდულურმა წარმომადგენლებმა. განცხადება ღიაა ხელმოწერისთვის. განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ ცვლილებები, რომლის ანალოგიურიც 2007-2009 წლებში უკვე განხორციელდა სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყირგიზეთში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ზრდის ადმინისტრაციული პატიმრობის ვადას 30-დან 90-დღემდე; აწესებს განსაკუთრებით მკაცრ სანქციებს საზოგადოებრივად ნაკლებად საშიში სამართალდარღვევებისთვის - მაღალ ჯარიმებსა და 90-დღიან პატიმრობას რიგ ადმინისტრაციულ გადაცდომებზე; სათანადო რეგულირების გარეშე შემოაქვს არალეტალური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა; არაპროპორციულად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრებებისადა მანიფესტაციების თავისუფლებას. ”ამ ცვლილებებისა და დამატებების მიღება დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში მიანიშნებს, რომ ხელისუფლება არათუ ცდილობს დიალოგის, თანამშრომლობისა და კომპრომისის გზით მოაგვაროს ქვეყანაში შექმნილი კრიზისი, არამედ პირიქით - ამწვავებს დაპირისპირებას და ქმნის ძალადობის ესკალაციის საფრთხეს,”- ნათქვამია განცხადებაში. საზოგადოებრივი ჯგუფი ასევე მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას ”წინ აღუდგეს სამოქალაქო თავისუფლებათა შეზღუდვის მცდელობას”; საერთაშორისო ორგანიზაციებს - აქტიურად ჩაერთონ საკანონმდებლო ცვლილებების სამართლებრივი შეფასების პროცესში და მედიას - უზრუნველყოს მაქსიმალური ინფორმირება ამ თემაზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის თამარ ხიდაშელის განცხადებით, ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს ადმინისტრაციული პატიმრობის 90-დღემდე გაზრდის დებულება იმ პირობებში, როცა საქართველოს კანონმდებლობა, განსხვავებით ევროპულისგან, არ იცნობს ადმინისტრაციული სასჯელის გასაჩივრების უფლებას, ასევე არ არსებობს დაცვის სათანადოდ მომზადების საშუალება, წინასწარი დაკავების იზოლატორებში იმაზე გაცილებით ”აუტანელი” და ”წამების ტოლფასი” პირობებია, ვიდრე ჩვეულებრივ ციხეებში, ასევე ადმინისტრაციული სასჯელის მოხდისას კანონმდებლობა არ არეგულირებს სამედიცინოს შემოწმების, გასეირნების, პაემნების, განათლების უფლებებს. ”ამ პირობების არ არსებობის შემთხვევაში ჩვენ ვთვლით, რომ 90-დღემდე პატიმრობის გაზრდა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ სტანდარტებთან,”- განუცხადა ხიდაშელმა Civil.ge-ს. მისი თქმით, არალეტალური იარაღის დაკანონება ზოგადად მისასალმებელია იმ ფონზე, როცა პოლიციამ ”სრულიად უკანონოდ” ისედაც გამოიყენა ამ ტიპის იარაღი მომიტინგეების წინააღმდეგ - 2007 წლის ნოემბერსა და ამა წლის 6 მაისის ინციდენტების დროს. თუმცა მისი თქმით, დეტალურად უნდა იქნას რეგულირებული ამ იარაღის გამოყენების გარემოებები, ასევე სროლის დისტანცია. ”კანონპროექტში კი რეგულაცია არის საკმაოდ ფართო და პოლიციას მისცემს იმის საშუალებას, რომ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის არა საშიში გარემოებების არსებობისას გამოიყენოს არალეტალური იარაღი, რომლის გამოყენებას თუ მოხდება მოკლე მანძილიდან ან სხეულის რომელიმე განსაზღვრულ ნაწილში, შესაძლებელია, რომ სასიკვდილო შედეგით დამთავრდეს,”- განაცხადა მან. |
|||
Civil.Ge © 2001-2025