ალასანიამ ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Jul.'09 / 18:50

ირაკლი ალასანიამ საკუთარი პოლიტიკური პარტია ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები” დააფუძნა 16 ივლისს.

”ვიწყებთ პოლიტიკურ ბრძოლას, პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმას იმიტომ, რომ რეალურად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტა და ამას, სწორედ, სჭირდება კარგი სტრუქტურის, სერიოზული პარტიის ჩამოყალიბება თავისი რეგიონალური ორგანიზაციებით,” - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ, რომელიც იმავდროულად ალიანსი საქართველოსთვის ლიდერიცაა - ალიანსი მის გუნდთან áƒ”რთად áƒ áƒ”სპუბლიკელებს და ახალ მემარჯვენეებს აერთიანებს.

ალასანიას განცხადებით, მისი პარტია მემარჯვენე-ცენრისტული იდეოლოგიის იქნება და მონაწილეობას მიიღებს ყველა სახის ვადამდელ არჩევნებში, თუ თავისუფალი საარჩევნო გარემო იქნება ამისთვის წინასწარ უზრუნველყოფილი.

”ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც, რათა ერთობლივად განვახორციელოთ ის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი საარჩევნო სისტემის შექმნას,”  - განაცხადა ალასანიამ.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარტია მზად არის ნებისმიერ დროს დაიწყოს პირისპირ დიალოგი ხელისუფლებასთან.

”ჩვენ არ ვეძებთ მტრებს არც ერთ პოლიტიკურ ძალაში, მათ შორის არც ხელისუფლებაში, პირიქით ჩვენ გვინდა ყველა პოლიტიკურ ძალასთან გამოვძებნოთ საერთო ენა... მათ შორის ხელისუფლებასთანაც ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არა მტრებს,” - განაცხადა ალასანიამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საპროტესტო აქციებმა თავისი შედეგი გამოიღო, თუმცა ”მხოლოდ საპროტესტო აქციებით შეუძლებელია ცვლილებების მიღწევა”.

”პირველ რიგში ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა [აქციების შედეგად], რომ საზოგადოება მზად არის ცვლილებისთვის, მაგრამ საზოგადოებას სჭირდება ძალიან ნათლად დავანახოთ, თუ რა ფორმით და როგორ ვაპირებთ ამ ცვლილების განხორციელებას,”- განაცხადა მან პარტიის პრეზენტაციაზე, ”ამიტომაც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ გადავწყვიტეთ დავიწყოთ ახალი ეტაპი ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის, რომელიც უკავშირდება საგნობრივად, სფეროების მიხედვით საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოებას წარუდგინოთ ჩვენი ხედვა პრობლემების არსისა და მათი გადაწყვეტის თაობაზე”.

მისი თქმით, პარტია უახლოეს ხანებში წარმოადგენს კონკრეტულ ცვლილებებს, რომელიც საჭიროა საარჩევნო სისტემის გაჯანსაღების და ასევე კონსტიტუციის დახვეწის კუთხით, რათა მოხდეს ”პრეზიდენტის ინსტიტუტში კონცენტრირებული განუზომელი ძალაუფლების დეცენტრალიზაცია”.

”ამგვარ სისტემად თავისუფალ დემოკრატებს გვესახება საპრეზიდენტო რესპუბლიკა ძლიერი პარლამენტით და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით და ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებით,” - ნათქვამია პარტიის დოკუმენტში, სადაც ძირითადი ფასეულობები და პრინციპებია განსაზღვრული.

დოკუმენტში მოკლედ არის ასევე ჩამოყალიბებული ახალი პარტიის ეკონომიკური, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ხედვა.

ალასანიამ პარტიის კონკრეტული დამფინანსებლები არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ áƒ˜áƒ¡ ”კანონიერი გზებით”, შემოწირულობებით იარსებებს.

Civil.Ge © 2001-2024