პარლამენტმა მიტინგების შესახებ სადავო ცვლილებები დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Jul.'09 / 18:19

პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით, მცირე კორექტივებით დაამტკიცა მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პოლიციის მიერ არალეტალური ტყვიების გამოყენების დაკანონებას; მიტინგებისა და მანიფესტაციების წესების გამკაცრებას; და ადმინისტრაციული ჯარიმებისა და პატიმრობის ვადების გაზრდას ითვალისწინებს.

პოლიციის შესახებ, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ამოქმედდება. პროცედურის მიხედვით, კანონები მიღებიდან 7 დღის ვადაში ეგზავნება პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რომელიც 10 დღის ვადაში აწერს ხელს და აქვეყნებს კანონს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში აისახა დებულება, რომ შეკრების მონაწილეთა მხრიდან ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში სამართალდამცავები უფლებამოსილნი არიან უზრუნველყონ აქციის შეწყვეტა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოთხოვნას აქციის შეწყვეტის თაობაზე მომიტინგეები არ დაემორჩილებიან.

პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებებში აისახა არალეტალური ჭურვების გამოყენების უფლება. ასევე კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში შსს-მ  უნდა მოამზადოს ბრძანება არალეტალური იარაღის გამოყენების წესებსა და გარემოებებზე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ განხორციელებული მთავარი ცვლილება ეხება ადმინისტრაციული სასჯელის - რომელიც რიგ შემთხვევებში 30-დან 90 დღემდე იზრდება  - ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, რასაც დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

პავლე კუბლაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს შესწორება კანონში სახალხო დამცველის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის საფუძველზე იქნა შეტანილი.

საავტომობილო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვისთვის ან ჯგუფური მოძრაობისთვის დაწესებული სანქციის - მძღოლებისთვის 2 წლით მართვის უფლების ჩამორთმევა - დაკისრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანების მიერ სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი.

რაც შეეხება წარწერების, ნახატების და სხვადასხვა სიმბოლოების ფასადებზე თვითნებურ გამოსახვას, რომელიც ასევე ღიად დარჩენილი საკითხი იყო ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებში, მასში შესწორებები არ შესულა და კვლავინდებურად ამ ქმედებისთვის პირველ ჯერზე 500 ლარის ოდენობით ჯარიმა, ხოლო ამ ქმედების გამეორების შემთხვევაში 1000 ლარის ჯარიმა ან 30 დღიანი პატიმრობის სანქცია იმოქმედებს.

მესამე მოსმენით ცვლილებების განხილვის წინ დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან მოუწოდეს კოლეგებს უმრავლესობიდან, რომ არ განეხილათ დაჩქარებულად ეს საკითხი და გადაედოთ შემდგომი სხდომისთვის მისი მიღება. თუმცა ეს თხოვნა მმართველი პარტიის დეპუტაციამ არ გაიზიარა. კანონპროექტებს მეორე მოსმენით გუშინ უყარეს კენჭი.

ლევან ვეფხვაძემ ქრისტიან-დემოკრატებიდან გამოთქვა ეჭვი, რომ კანონის სასწაფოდ მიღება საგანგებოდ ხდება პრეზიდენტის მისვლის წინ პარლამენტში, რომელიც 20 ივლის არის დაგეგმილი.

Civil.Ge © 2001-2024