საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი გადადგა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Jul.'09 / 16:02

20 ივლისს ლევან ყუბანეიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი არხის სამეურვეო საბჭომ თანამდებობიდან ”საკუთარი განცხადების” საფუძველზე გაათავისუფლა და გაჩენილ ვაკანსიაზე ღია კონკურსი გამოაცხადა.

გია ჭანტურია, არხის მთავარი პროდიუსერი გენდირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად.

ინფორმაცია ლევან ყუბანეიშვილის გადადგომის თაობაზე დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელდა, თუმცა ამ დრომდე ეს ოფიციალურად არ დასტურდებოდა. ყუბანეიშვილი, რომელიც სატელევიზიო ბიზნესში 1993 წლიდანაა áƒ©áƒáƒ áƒ—ული, საზოგადოებრივ მაუწყებელს სათავეში შარშან აპრილიდან ჩაუდგა და დაახლოებით 16 თვე ხელმძღვანელობდა.

ეს ქართულ ნაციონალურ ტელევიზიებში ბოლო დროს განხორციელებული უკვე მეორე დიდი ცვლილებაა. გიორგი არველაძე, პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირე და მთავრობის ყოფილი წევრი, მედია ჰოლდინგის გენერალური დირექტორი გახდა, რომელიც ტელეკომპანია ”იმედს” და რადიო ”იმედს” აერთიანებს.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ ღია კონკურსს, განაცხადების მიღება 21 ივლისიდან 3 აგვისტომდე გასტანს. კონკურსი ორ ტურად ჩატარდება - პირველი ტურის შედეგები 6 აგვისტოს გამოცხადდება, ხოლო მეორე ტურში გამარჯვებული 10 აგვისტოს გამოვლინდება და იგი თანამდებობაზე áƒáƒ áƒáƒ£áƒ’ვიანეს 20 აგვისტოსი დაინიშნება.

კონკურსს სამეურვეო საბჭოს 5 წევრი ჩაატარებს თავმჯდომარის, ლევან გახელაძის ხელმძღვანელობით. თავად საბჭოში, რომელიც 9 წევრისაგან შედგება, ამჟამად ოთხი ვაკანტური თანამდებობაა მას შემდეგ, რაც, ძირითადად, ოპოზიციის კვოტით გასულმა წევრებმა ეს ორგანო პროტესტის ნიშნად დატოვეს.

 


 

 

Civil.Ge © 2001-2024