ომბუდსმენობის კანდიდატი: ჰომოსექსუალიზმი „უნდა დაისაჯოს“
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 Jul.'09 / 00:55

დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ სახალხო დამცველის პოსტზე წარადგინა, 30 ივლისს განაცხადა, რომ მისი აზრით აუცილებელია ჰომოსექსუალიზმი კვლავაც გახდეს დასჯადი საქართველოში. ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია საქართველომ 2000 წელს მოახდინა.

„ვფიქრობ უხერხულობას არ უნდა იწვევდეს გავცე პასუხი რასაც ვფიქრობ. მე ვფიქრობ რომ მამათმავლობა უნდა იყოს დასჯადი ქმედება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ის ჩვენი რჯულის კანონით ისჯება და თან ისჯება ძალიან მძიმედ... მე ვფიქრობ რომ მამათმავლობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება იქნება თუ სისხლის სამართლის წესით ეს ქმედება იქნება დასჯადი,“ – განაცხადა ლორთქიფანიძემ, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.

მან ეს კომენტარი გააკეთა შეხვედრაზე, რომელიც სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ ორ კანდიდატსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შედგა. კანდიდატებს შეხვედრისას დაუსვეს შეკითხვა, თუ რას ფიქრობდნენ იმ ფაქტზე რომელსაც ადგილი ქონდა ორიოდე წლის წინ როდესაც სატელევიზიო შოუ ”ჯეობარის” ერთ-ერთ მონაწილეს პროექტი მისი სექსუალური ორიენტაციის გამო დაატოვებინეს

ლორთქიფანიძის  პასუხს დარბაზში მყოფი ზოგიერთი მსმენელის სიცილი და უარყოფით რაქცია მოჰყვა.

„არ ვიცი რატომ გამოიწვია მხიარულება ამ თემამ... მე ვერ გაგცემთ ამ შეკითხვაზე ისეთ პასუხს, რომელიც შეიძლება თქვენთვის სასურველი იყოს, მაგრამ ჩემთვის დამღუპველი,“ – დასძნა დეპუტატმა.

ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილმა მეორე კანდიდატმა, გიორგი ტუღუშმა, განაცხადა, რომ მისთვის სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაცია მიუღებელია.

ტუღუში ამ პოსტზე მმართველმა პარტიამ წარადგინა და როგორც მოსალოდნელია პარლამენტი მას დაამტკიცებს ამ თანამდებობაზე 31 ივლისის სხდომის დროს.

Civil.Ge © 2001-2024