ვერშბოუ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების დეტალებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Aug.'09 / 13:51

თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ალექსანდრე ვერშბოუმ უარყო რუსეთის განცხადებები, რომ აშშ საქართველოს გადაიარაღებას ახდენს და განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ”არ განხორციელებულა საბრძოლო შეიარაღებით საქართველოს დახმარება”.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპულ საკითხთა ქვეკომიტეტში გამართული მოსმენების დროს, რომლის თემაც იყო საქართველო აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ, ვერშბოუმ განაცხადა, რომ ”აშშ-ის 1 მილიარდიანი დახმარების პაკეტის არც ერთი ნაწილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ მოხმარებია”.

მისი თქმით აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტი ”მოკლევადიან პერიოდში” არის ”ფუნდამენტური ინტელექტუალური საკითხები”, მათ შორის წვრთნა, დოქტრინა და პერსონალის მართვა.

თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ამ პროგრამების განხორციელებას მოჰყვება ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმის ამაღლება და მას შემდეგ რაც გაიზრდება მათი შესაძლებლობები ”აითვისონ აღჭურვილობები, სხვა ტიპის დახმარებასაც შესაძლოა ქონდეს ადგილი.”

”დღის წესრიგიდან არაფერია მოხსნილი,” - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ სახის ”ეტაპობრივი მიდგომა” არის ის გზა რომლითაც აშშ-ის საქართველოსადმი სამხედრო დახმარება გაგრძელდება.

”ამ მიდგომას საქართველოს ხელისუფლება მთლიანობაში  გაგებით ეკიდება,” - განაცხადა ვერშბოუმ.

”ჩვენ ეტაპობრივი მიდგომა გვაქვს ჩვენი სამხედრო დახმარების მიმართ და ყურადღებით ვსწავლობთ თითოეულ ნაბიჯს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის არ იქნება კონტრპროდუქტიული ჩვენი მიზნების განხორციელების გზაზე, რაც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას ითვალისწინებს,” - განაცხადა ვერშბოუმ.

მისი თქმით, აშშ-მ ხაზგასმით განუმარტა საქართველოს ხელისუფლებას, რომ რუსეთთან დაპირისპირების სტრატეგია ”კონტრპროდუქტიულია და წარუმატებლობისთვისაა განწირული”.

”ამას დასჭირდება გრძელვადიანი მიდგომა და სტრატეგიული თავშეკავება საქართველოს მხრიდან,” - განაცხადა მან. ”ჩვენ ხაზგასმით და ცალსახად ავღნიშნეთ, რომ სეპარატისტულ რეგიონებთან არსებული გამოწვევების სამხედრო მოგვარების გზა არ არსებობს. საქართველომ უნდა განახორციელოს თავდაცვის სფეროს მოდერნიზაციის ზუსტი და რაციონალური გეგმა”.

მან აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან შეაფასა როგორც ”მეთოდური, თუმცა მედგარი,” რომელიც, მისი თქმით, შემუშავდა აშშ-ს ევროპული სარდლობის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების მრავალთვიანი შეფასების საფუძველზე.

ვერშბოუმ განაცხადა, რომ აგვისტოს ომმა გამოავლინა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ”არსებული ბევრი ადრე შეუმჩნეველი ან უგულებელყოფილი ნაკლოვანებები.”
 
”პრაქტიკულად ყველა მიმართულებით - შეიარაღებული ძალების თავდაცვის ინსტიტუტები, სტრატეგია, დოქტრინა და პროფესიული სამხედრო განათლება - ნაპოვნია სერიოზულ ხარვეზები,” - განაცხადა მან.

ვერშბოუს განცხადებით, 2009 წელს აშშ-ს დაგეგმილი სამხედრო დახმარება საქართველოს მიმართ შეადგენს 11 მილიონ აშშ დოლარს, რომელიც ძირითად განკუთვნილია სავარჯიშო სიმულატორის ცენტრისთვის, წვრთნისა და განათლებისთვის, საწვრთნელი ცენტრის მოდერნიზებისა და თავდაცვის სფეროში მრჩეველებისთვის.

”ვიმედოვნებთ, რომ 2010 წელსაც მოხდება დამატებითი რესურსების მიმართვა თავდაცვის სფეროში მრჩევლებისთვის, პროფესიული სამხედრო განათლების მხარდაჭერისთვის, კომუნიკაციებისთვის, წვრთნისა და განათლების პროგრამებისთვის, ტაქტიკური მანქანების [HMMWV - ჰამერების] შენახვისთვის და საწვრთნელი ცენტრის მოდერნიზებისთვის,” - განაცხადა მან.  

ვერშბოუმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ბევრ რამეს მიაღწია ბოლო წლების მანძილზე და რომ ”შთამბეჭდავი რეფორმების” გატარების კუთხით ამის მსგავსი მაგალითი რეგიონში არ მოიპოვება.

”კონფლიქტის შემდეგ საქართველომ გაითვალისწინა აშშ-ის ევროპული სარდლობის რჩევები და მუშაობს, რათა მოახდინოს რეფორმების ინსტიტუციონალიზაცია, როგორც ეს ევრო-ატლანტიკურ სტანდარტებს შეესაბამება,” - დასძინა მან.

იმავე მოსმენაზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედრო დახმარება ასევე ითვალისწინებს ქართული ძალების მომზადებას და აღჭურვას ავღანეთში განთავსებისთვის.

2010 წელს მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში, ”ყოველგვარი ეროვნული შეზღუდვის გარეშე იქნება წარგზავნილი”. მანამდე კი, 2009 წლის შემოდგომაზე ნატო-ს მიერ წარმოებული ოპერაციის შემადგენლობაში მე-2 ქვეითი ბრიგადის ერთი ქართული ასეული გაიგზავნება, რომელიც საფრანგეთის კონტინგენტის შემადგენლობაში მიიღებს მონაწილეობას.

Civil.Ge © 2001-2025