საქართველოს მთავრობამ აგვისტოს ომის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Aug.'09 / 20:34

აგვისტოს ომის ერთი წლის თავზე საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ასახულია მისეული ვერსია იმ მოვლენებისა, რასაც რუსული შემოჭრა მოყვა.

ანგარიშში, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი 90-იანი წლების დასაწყისის მოვლენები, ნათქვამია, რომ ”მიდიოდა ინტენსიური მზადება [რუსეთის მიერ], რაც საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას ისახავდა მიზნად”.

ანგარიშის თანახმად, 7 აგვისტოს, დილის 03:41 საათზე, ოპერატიული მონაცემებით, დაახლოებით 150 ერთეული ჯავშანტექნიკა და სატვირთო მანქანა როკის გვირაბში შევიდა. ანგარიშის თანახმად, 7 აგვისტოს 23:35 საათზე, საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა გასცა ბრძანება ”თავდაცვითი ოპერაციის დაწყების შესახებ” რეგიონის ქართული სოფლების დაბომბვის ფონზე.

”7 აგვისტოს, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების საარტილერიო ქვედანაყოფებმა 23:50 წუთზე საპასუხო ცეცხლი გახსნეს,” - ნათქვამია ანგარიშში.

”აგვისტოს მოვლენებმა ყველას დაანახა, რომ საქართველოს ყოველთვის ჰქონდა საერთაშორისო კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან და არ ჰქონია შიდა კონფლიქტები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებთან,” - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 6 აგვისტოს ანგარიშის პრეზენტაციაზე.

”რასაც ვეძახით სეპარატისტებს და სეპარატიზმს ეს იყო იარაღი რუსეთის ხელში საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ,” - განაცხადა მან.

ანგარიში ასევე შეიცავს რუსეთის ქმედებების ანალიზს საერთაშორისო სამართლის კონტექსტში, რომლის თანახმადაც რუსეთის მიერ ძალის გამოყენება ”უკანონო იყო და მას საერთაშორისო სამართლის მიხედვით გამართლება არ მოეძებნება. ძალის გამოყენებით მან უხეშად ხელყო საქართველოს პოლიტიკური სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა”.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან დღესაც ისმის ”შემაშფოთებელი განცხადებები”, დღეს სხვა დროა და საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, რაც ”საშუალებას იძლევა შევაკავოთ რუსეთის აგრესია და არ დავუშვათ იმ სისხლისღვრის გამეორება, რომელიც შარშან აგვისტოში გამოცადა ჩვენმა ქვეყანამ”.

 

Civil.Ge © 2001-2024