ინტერნეტ შეტევამ ქართველ ბლოგერზე, Twitter-ზეც იმოქმედა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Aug.'09 / 16:19

ქართველი ბლოგერი ნიკით ”Cyxymu” კარგად კოორდინირებული, მსხვილმასშტაბიანი DDoS-ის ტიპის კიბერ-შეტევის სამიზნე გახდა, რომლიც დროსაც რამოდენიმე საათით შეჩერებული იყო მიკრო-ბლოგინგის საიტი Twitter-ი და რომელმაც ასევე გავლენა იქონია Google-ის, LiveJournal-ისა და Facebook-ის სერვისებზე.

DDoS-ის ტიპის შეტევის დროს ხდება სამიზნე ვებგვერდის ხელოვნურად გადატვირთვა, ისე რომ საიტზე შეღწევა მსურველთათვის შეუძლებელი ხდება.

”ეს იყო რამოდენიმე მიმართულებიდან ერთდროულად განხორციელებული შეტევა, რომლის მიზანიც მისი [Cyxymu-ის] ხმის ჩახშობა იყო,” - განუცხადა Facebook-ის უსაფრთხოების საკითხებში მთავარმა პასუხისმგებელმა პირმა, მაქს კელიმ, CNET News-ს, რომელიც ტექნოლოგიური სიახლეების ერთ-ერთი წამყვანი ვებგვერდია.

ერთ კონკრეტულ მომხმარებელზე ონლაინ შეტევამ, რომელსაც აქვს თავისი ვებგვერდები Twitter-ზე, Facebook-ზე,  LiveJournal-ზე, Google Blogger-ზე და YouTube-ზე, ხუთშაბათს რამოდენიმე საათით Twitter-ი მიუწვდომელი გახადა და ასევე გავლენა იქონია Facebook,  LiveJournal და Google-ის სერვისებზე, თუმცა არა ისეთი სერიოზული როგორიც Twitter-ზე.

”ისინი, ვინც ამ შეტევის კოორდინაციას ახდენენ, კრიმინალები, მიზანმიმართულად აკეთებენ ამას და დიდ რესურსებსაც იყენებენ,” - განაცხადა კელიმ.

თუმცა კელიმ არ ისურვა ესაუბრა იმაზე თუ ვინ შეიძლება იდგეს ამ შეტევის უკან, იტყობინება CNET News-ი. 

”Cyxymu”-ის რუსულენოვანი ბლოგი LiveJournal-ზე დღეს კვლავ გათიშული იყო, თუმცა Google-ის საძიებო სისტემის ე.წ. ’cache’-ის ოფციით შესაძლებელია ამ გვერდის ნახვა, სადაც მისი ავტორი 6 აგვისტოს საღამოს წერდა: ”აშკარაა, რომ ეს არის სპეციალური შეტევა ჩემზე ან ქართველებზე”.

”ასობით სპამს ვიღებ ჩემ ელექტრონულ ფოსტაზე... სპამი ჩემი ელექტრონული ფოსტიდანაც იგზავნება და ეპატიჟება ხალხს ჩემ ბლოგზე შემოვიდნენ,” - ნათქვამია ”Cyxymu”-ის მიერ 6 აგვისტოს საღამოს დადებულ ჩანაწერში.

ხოლო Twitter-ის ვებგვერდზე ”Cyxymu” წერს, რომ იგი შეტევის სამიზნე გახდა და ბოდიშს იხდის შექმნილი უხერხულობისთვის.

აღნიშნული DDoS შეტევა აგვისტოს ომის წლისთავის წინ მოხდა.

ამავე ტიპის კარგად კოორდინირებული შეტევა საქართველოს ხელისუფლების და რამოდენიმე ქართულ საინფორმაციო ვებგვერდების წინააღმდეგ (მათ შორის Civil.Ge-ც იყო) შარშან, აგვისტოს ომის დროსაც მოხდა. 

Civil.Ge © 2001-2024