საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი გიორგი ჭანტურია გახდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Aug.'09 / 13:12

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი, როგორც მოსალოდნელი იყო, áƒ’იორგი ჭანტურია გახდა. 

ჭანტურია, რომელიც ხელისუფლების სასურველ კანდიდატად მიიჩნეოდა, გამარჯვებულად მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს გამოავლინა სამ კანდიდატს შორის.  ის მაუწყებლის დირექტორობის მოვალეობას ლევან ყუბანეიშვილის გადადგომის შემდეგ ასრულებდა, ხოლო მანამდე არხის გენერალური პროდიუსერი და შესაბამისად, დირექტორის მოადგილე იყო.  

საბჭოს 8 წევრიდან ხუთმა გიორგი ჭანტურიას დაუჭირა მხარი ფარული კენჭისყრით, რომელიც პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ხოლო სამმა წევრმა თავი შეიკავა რომელიმე კანდიდატისათვის ხმის მიცემისაგან.

”დღესვე მასთან გაფორმდება დადგენილი წესით ხელშეკრულება,”- განაცხადა კენჭისყრის დასრულების შემდეგ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ. 

ჭანტურიას კონკურენტები იყვნენ ჟურნალისტი ზვიად ქორიძე და რეჟისორი გიორგი კაჭარავა. 

ახალი დირექტორის არჩევას წინ უძღოდა 7 აგვისტოს კანდიდატებთან გასაუბრებები და ასევე დებატები მათ შორის. ჭანტურიამ სამეურვეო საბჭოს წევრებთან გასაუბრების დროს დაიცვა არხის სარედაქციო პოლიტიკა და მის საინფორმაციო გამოშვებებს ყველაზე მეტად დაბალანსებული უწოდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ გენერალური პროდიუსერობის დროს საინფორმაციო პოლიტიკა მისი კურაციის ქვეშ არ იმყოფებოდა.

Civil.Ge © 2001-2024