ამერიკელები ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთისთვის გაწვრთნიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Aug.'09 / 11:25

აშშ გაწვრთნის და აღჭურვავს იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომელთა გაგზავნა ავღანეთში ამ შემოდგომასა და მომავალ წელს ორ ეტაპად იგეგმება, განუცხადა მეთიუ ბრაიზამ ჯერ კიდევ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის რანგში 10 აგვისტოს თბილისში ჟურნალისტებს.

”ჩვენ გავწვრთნით და დავეხმარებით იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს დადებენ ჩვენი თანაზიარი სტრატეგიული ინტერესების და საერთო ფასეულობების დაცვის ხაზზე,”- განაცხადა ბრაიზამ, რომელიც თბილისში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ქართველ ოფიციალურ პირებთან და ოპოზიციის ლიდერებთან.

მისი თქმით, ეს გეგმა არანაირად არ გულისხმობს, რომ დიდი რაოდენობით იარაღი განთავსდება საქართველოში.

”ჩვენ გავწვრთნით და შემდეგ იმ აღჭურვილობით დავეხმარებით, რაც ქართველ სამხედროებს დასჭირდებათ ადგილზე ავღანეთში,”- აღნიშნა მან.

ბრაიზამ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის და რუსეთს საერთო ინტერესები გააჩნიათ ავღანეთში ტერორიზმის დასამარცხებლად.

”ყველა ვინც რაციონალურია, კმაყოფილი დარჩება იმით, რომ შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს განავითაროს პროფესიული არმია, გარდა თალიბებისა, რომლებიც იბრძოლებენ ამ ქართული ძალების წინააღმდეგ ავღანეთში,”- განაცხადა მან.

6 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიღებული გადაწყვეტილებით მწვანე შუქი მისცა ქართული ძალების ავღანეთში გაგზავნას.

საქართველო შემოდგომაზე ქვეითთა ასეულს, ხოლო 2010 წელს ბატალიონის ოდენობის დანაყოფს გაგზავნის ავღანეთში.

ქართველი ქვეითები საფრანგეთის ძალების, ბატალიონი კი აშშ-ის ხელმძღვანელობის ქვეშ იმსახურებენ. ორი სამხედრო კი თურქულ ხელმძღვანელობას დაექვემდებარება.

Civil.Ge © 2001-2024