პუტინი აფხაზეთში ჩავიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Aug.'09 / 12:59

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერი პუტინი 12 აგვისტოს სოხუმში ჩავიდა.

”მაინტერესებს იმის ნახვა, თუ როგორ შეიცვალა აფხაზეთი,”- განაცხადა პუტინმა ვიზიტამდე აფხაზი ჟურნალისტებისთვის სოჭში მიცემულ ინტერვიუში.

”ჩვენ ახლა ვამზადებთ დოკუმენტების მთელ პაკეტს  ეკონომიკის, სოციალური სფეროს განვითარებისთვის, უსაფრთხოების საკითხებზე, საზღვრის დაცვაზე - და ყველა ეს საკითხი, რა თქმა უნდა, იქნება ყურადღების ცენტრში აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან ჩვენი მოლაპარაკებების დროს,”- განაცხადა პუტინმა ინტერვიუში, რომლის ტექსტიც რუსეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 12 აგვისტოს გამოქვეყნდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა გამოეჩინა ”პატივისცემა” აფხაზებისა და ოსების მიმართ და უნდა ეღიარებინა ”წარსული  შეცდომები”.

”ჩვენ ბევრჯერ გვილაპარაკია [ამაზე] საქართველოს დღევანდელ ხელმძღვანელობასთან,”- განაგრძო პუტინმა, ”მე პირადად მოვუწოდებდი მათ იმისკენ, რომ მოეკრიბათ მოთმინება და მოეპოვებინათ პატივისცემა, ავტორიტეტი და ნდობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის. მხოლოდ ასე - და მე ახლაც ასე ვფიქრობ და მაშინაც ვამბობდი - შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა”.

Civil.Ge © 2001-2024